ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის წარმომადგენლები თავისდაუნებურად სწორედ იმ სარჩელს ამყარებენ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა, მათი გზავნილია, რომ დემოკრატია საპარლამენტო საარჩევნო კუთხით არ უნდა არსებობდეს

12:20, 11.11.2026

არასოდეს ჰქონიათ სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის ისტორია, ყოველთვის გაყალბებული არჩევნებით მოდიოდნენ ხელისუფლებაში, ახლაც იციან, რომ არჩევნები მათი ხელისუფლებაში მოსვლის გზა არ არის, ამიტომ საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დემოკრატიის ეს ყველაზე ფუნდამენტური ინსტრუმენტი უგულებელყოფილი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს ამყარებენ.

„ეს ადამიანები თავისდაუნებურად სწორედ იმ სარჩელს ამყარებენ და ამაგრებენ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. ანუ მათი პირდაპირი გზავნილია, რომ დემოკრატია საპარლამენტო საარჩევნო კუთხით არ უნდა არსებობდეს, იმიტომ, რომ მათ არც არასოდეს ჰქონიათ არჩევნების გზით, მათ შორის სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის ისტორია. ყოველთვის გაყალბებული არჩევნებით მოდიოდნენ ხელისუფლებაში. ახლაც იციან, რომ არჩევნები მათი ხელისუფლებაში მოსვლის გზა არ არის, ამიტომ საზოგადოებას მოუწოდებენ სწორედ იქითკენ, რომ დემოკრატიის ეს ყველაზე ფუნდამენტური მოცემულობა და ინსტრუმენტი, რასაც ჰქვია არჩევნები და ხალხის ნების გამოხატვა, უგულებელყოფილი იყოს და ვიწრო, ასე ვთქვათ, ჯგუფის მიერ ინსპირირებული გადატრიალების და გარედან მხარდაჭერილი ასეთი მავნე პოლიტიკის შედეგად მოხდეს საქართველოში პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არის სწორედ იმ სარჩელის, რომ იტყვიან, ერთ-ერთი დედააზრი, რასაც თვითონ ამ პარტიის წარმომადგენლები განცხადებებში ადასტურებენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი