ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის სურვილს, არჩევნების გარეშე მოხვდნენ ხელისუფლებაში, არც მიშელთან და არც არავისთან ჩივილი არ უშველის
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის სურვილს, არჩევნების გარეშე მოხვდნენ ხელისუფლებაში, არც მიშელთან და არც არავისთან ჩივილი არ უშველის

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის სურვილია, მათი ხელისუფლებაში მოხვედრა არჩევნების გარეშე მოხდეს, თუმცა ამას არც შარლ მიშელთან ჩივილი უშველის და არც არავისთან.

ჟურნალისტთან საუბრისას, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციისა და შარლ მიშელის დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ოპოზიციის რიტორიკაში არავითარი სიახლე არ არის.

„როდესაც ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციაზე საუბრობს, უნდა აღინიშნოს, რომ მათ ამბიციურ საკანონმდებლო ცვლილებებს – საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ხმა არ მისცეს. ამის შემდეგ ნათელი იყო, როგორი იქნებოდა მათი დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ერთადერთი არგუმენტი, რაც მათ აქვთ, ადამიანების დაბულინგებას უკავშირდება. ანუ, თუ შენ სადმე მუშაობ, აპრიორი ნიშნავს, რომ ბულინგის მსხვერპლი იქნები. რაც შეეხება, იმას, თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლო სისტემის რეფორმა, აქ ჩვენ ყოველთვის საგნობრივად ვსაუბრობთ და არა ლოზუნგებით – არ დარჩენილა ქაღალდზე დაწერილი არც ერთი რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან არის მოწოდებული საქართველოსთვის, რაც არ შესრულებულიყო. ამავდროულად, არ დარჩენილა არც ერთი პუნქტი, რომელიც მიშელის შეთანხმებაშია ასახული, რომელზეც ხელი მოვაწერეთ და სიტყვიერადაც ჰქონდათ შეხვედრა, საუბარი, რაც ზუსტად ისე არ შესრულებულიყო. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის სურვილს, არჩევნების გარეშე მოხვდნენ ხელისუფლებაში, არც მიშელთან და არც არავისთან ჩივილი არ უშველის. ეს სპეკულაციები დარჩება სპეკულაციებად, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ ექნება. ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა საქართველოში არჩევნებია“, – დასძინა ქადაგიშვილმა.

დატოვე კომენტარი