ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის შეცდომებმა მათი პოლიტიკური წონისა და რეიტინგის შემცირება გამოიწვია, თვითმმართველობის არჩევნების მიღმა დარჩენა მათი სრული მარგინალიზაციის მიზეზი იქნება
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის შეცდომებმა მათი პოლიტიკური წონისა და რეიტინგის შემცირება გამოიწვია, თვითმმართველობის არჩევნების მიღმა დარჩენა მათი სრული მარგინალიზაციის მიზეზი იქნება

ოპოზიციის შეცდომებმა მათი პოლიტიკური წონისა და რეიტინგის შემცირება გამოიწვია, თვითმმართველობის არჩევნების მიღმა დარჩენა მათი სრული მარგინალიზაციის მიზეზი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის გეგმა ჩავარდნილია.

„ოპოზიციამ საკუთარი თავი მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა, როცა 700 ათასზე მეტი ამომრჩევლის არჩევანი უგულებელყვეს და ჩათვალეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა რევოლუციაა. ეს გეგმა ჩავარდნილია და მათთვის რთულია იმის აღიარება, რომ მათი პოლიტიკა დამაზიანებელი იყო და ახლა კონსტიტუციას, დემოკრატიულ არჩევნებს უნდა დაუბრუნდნენ. მათმა შეცდომებმა მათი პოლიტიკური წონისა და რეიტინგის შემცირება გამოიწვია. ამიტომ მათ ორივე მხრიდან მძიმე ვითარება აქვთ – პოლიტიკურად არასწორი გზა აირჩიეს, რის გამოც მათი რეიტინგი დავარდა და ახლა არჩევნებში შემოსვლა უჭირთ. საპროტესტო ნარატივის გამეორებას ჯიუტად აგრძელებენ, თუმცა თვითმმართველობის არჩევნების მიღმა დარჩენა მათი სრული მარგინალიზაციის მიზეზი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.