ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ნდობას არავინ გამოიწვევს, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარედ მათი წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ნდობას არავინ გამოიწვევს, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარედ მათი წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული

ოპოზიციის ნდობას არავინ გამოიწვევს, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარედ მათი წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი საკონკურსო კომისიის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შერჩევის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ერთ-ერთი შერჩეული კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი გახდება ცესკო-ს თავმჯდომარე თუ სხვა, ნებისმიერი გვარის ადამიანის მიმართ ბულინგი დაიწყება.

„ოპოზიციის მხრიდან არავინ არ გამოიწვევს სანდოობას, ვიდრე მათი წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული. ცესკო-ს ყველა თავმჯდომარე გახდა „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი. ანუ, მათი ხედვა საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს მიმართ ისეთია, რომ თუ მათი წევრი არ იქნება და მათი გავლენის ქვეშ, არავითარ სანდოობას არ იწვევს.

მათი ხელობა დემონიზაციაა – ნებისმიერი ადამიანის, რომელიც მათთვის სასურველი არ არის, უნდა დაიწყონ ბულინგი და დემონიზაცია. თამარ ჟვანიას რამხელა სამოქალაქო ღირსება აღმოაჩნდა, რომ ახალი კანონის მიღების შემდეგ, ყველას საშუალება მისცა, ხელახლა მომხდარიყო ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა. ეს გააკეთა ადამიანმა, რომელმაც საარჩევნო კომისიის განვითარებისთვის ყველაზე დიდი შრომა გასწია. აქედან გამომდინარე, ერთი დამაჯერებელი არგუმენტიც კი ვერ მოიყვანეს, რომ თამარ ჟვანია იყო რაიმეში დამნაშავე და გაყალბებას ხელს პირდაპირ თუ ირიბად უწყობდა. ახლა კალანდარიშვილი იქნება თუ სხვა, ნებისმიერი გვარის ადამიანის მიმართ ბულინგი დაიწყება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულებულია. საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია.

კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად – გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.