ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ნარატივს ნუ ავყვებით, აშშ-თან ურთიერთობაში ლობისტი არასდროს გამოგვიყენებია, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა მეთაურების და ინსტიტუტების მეშვეობით უნდა იყოს
ნუ ავყვებით ოპოზიციის ნარატივს, რომ ხელისუფლებამ ლობისტებით საქმე ვერ გააწყო, ლობისტები არის მათი საქმე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“, ერთ-ერთმა ლიდერმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მთელი მათი პოლიტიკა არის ლობისტებთან დაკავშირებული პოლიტიკა და, ფაქტობრივად, ლობისტების მომსახურებაში არიან თვითონ, ვიდრე თვითონ იყენებენ ლობისტებს. ჩვენი პოლიტიკა აშშ-თან მიმართებაში ყოველთვის იყო ღია, ცალსახა და არასდროს არცერთი ლობისტი არ გამოგვიყენებია ამერიკის სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. ჩვენ ვართ სახელმწიფო და მეორე სახელმწიფოსთან უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაურების და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით ურთიერთობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ე.წ. მეგობარი აქტი რეალობაში იმეორებს იმ მავნე პოლიტიკურ მემკვიდრეობას, რა პოლიტიკური მემკვიდრეობაც ერგო ზოგადად ბაიდენისგან ამერიკას და მსოფლიოს, როგორც თვითონ დონალდ ტრამპი ამბობს, უკრაინის ომით დაწყებული, USAID-ის და სხვა ასეთი ორგანიზაციების ხშირ შემთხვევაში, მავნებლური საქმიანობით.
„ამიტომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით ღიად მივმართავთ ამერიკის პრეზიდენტს, რომ ჩვენი სურვილია, სწორედ ეს მავნე მემკვიდრეობა გვერდით გადაიდოს და რეალური პარტნიორული, სტრატეგიული ურთიერთობები აღდგეს საქართველოსა და აშშ-ს შორის. ეს არის ამ მიმართვის ერთადერთი მიზანი და განაცხადიც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დაიწერა წერილი ოთხი თვის შემდეგ და იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირველი კომუნიკაცია არ ყოფილა, რაც ამ წერილიდან გავიგეთ, როდის შედგა პირველი კომუნიკაცია და რა ფორმით, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ პირველი რეალური კომუნიკაცია შედგა, როდესაც აშშ-ის ელჩი ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრს და ამის შემდეგ, როცა პირველი ვიცე-პრემიერი იმყოფებოდა აშშ-ში.
„პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან არ ჰქონია. ყოველთვის იყო, ასე ვთქვათ, შეთავაზება, როგორც იმავე წერილშია, რომ წერილითაც მიმართა, რომ მზად ვართ ამ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეკითხვაზე, რას ელოდება ხელისუფლება ამ წერილის პასუხად, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება უყურებს, როგორი იქნება გეოპოლიტიკური ინტერესები.
„ჩვენ ხომ უკვე ის სახელმწიფო ვართ, რომელიც ზრდასრულობის ასაკში შევდივართ, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოზე მაქვს საუბარი და კარგად ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო მთავარია, ვიდრე რამე ობიექტური საზომებით მსჯელობა. ჩვენ ვხედავთ, რომ უცებ შეიძლება, „ალ-ქაიდას“ და „ისლამური სახელმწიფოს“ უკიდურესი სამხედრო ლიდერი გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო დემოკრატი, რადგან გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება. გამომდინარე აქედან, ჩვენ მაინც ვუყურებთ, გეოპოლიტიკური ინტერესები როგორი იქნება და აქედან გამომდინარე არის ჩვენი მოლოდინებიც, თორემ რაც შეეხება იმას, რასაც ტრამპი საჯაროდ ლაპარაკობს, დამერწმუნებით, ერთი ერთში ემთხვევა იმას, რასაც საუბრობდა „ქართული ოცნება“. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება აშშ-ის საგარეო გეოპოლიტიკური ხედვა. ვფიქრობ, ჯერჯერობით ტრამპს და მის ადმინისტრაციას ეს ხედვა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს, რადგან ეს ბევრ კომპონენტთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ხომ არ მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას აღნიშნული წერილი იმის გათვალისწინებით, რომ იქ საუბარია, მაგალითად, იმაზე, რომ გაჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ეს იყოს არა ე.წ. დიფ სთეითთან ბრძოლა, არამედ მისი რებრენდინგი, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ის, რასაც თვითონ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ისინი უნდა მოერიონ „დიფ სთეითს.
„თუ ვნახავთ, ყველა მათი გადაწყვეტილება და სულ ბოლო გადაწყვეტილებაც, რომელიც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა მიიღო, არის ის, რომ დაზვერვის სამსახურიდან ორი ხელმძღვანელი პირი გაათავისუფლეს, რადგან ისინი პირდაპირ ბლოკავდნენ შესაბამისი პოლიტიკური ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციაზე და პირიქით, ინფორმაციის გაჟონვას ჰქონდა ადგილიო. ასე რომ, თვითონ მათი განცხადებებია ეს „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.