ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მიზანია, სასამართლო ხელისუფლება ისევ წნეხის ქვეშ მოაქციონ და „ვეტინგი“ მოიფიქრეს, ადრე ამას სააკაშვილი ადეიშვილის ხელმძღვანელობით ერთპიროვნულად აკეთებდა
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მიზანია, სასამართლო ხელისუფლება ისევ წნეხის ქვეშ მოაქციონ და „ვეტინგი“ მოიფიქრეს, ადრე ამას სააკაშვილი ადეიშვილის ხელმძღვანელობით ერთპიროვნულად აკეთებდა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიზანია, სასამართლო ხელისუფლება რამენაირად ისევ პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოაქციონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მძევალი გახადონ.

ქადაგიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, მათი მიზანია, სასამართლო გაკონტროლდეს და ახლა „ვეტინგის“ საკითხი მოიფიქრეს.

„ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ მუდმივ სპეკულაციას, რომელთა მიზანია, სასამართლო ხელისუფლება რამენაირად ისევ პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოაქციონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მძევალი გახდეს. ადრე ამას მიხეილ სააკაშვილი ადეიშვილის ხელმძღვანელობით ერთპიროვნულად აკეთებდა. დღეს კი ეს შესაძლებლობები წართმეული აქვთ, ამიტომ „ვეტინგის“ საკითხი მოიფიქრეს. ვინ უნდა იყოს მოსამართლის შემფასებელი? მოსამართლე სახელმწიფოში ყველაზე მაღალი შემფასებელია და კანონით მინიჭებული უფლება აქვს, ადამიანი მსჯავრდებულად ცნოს ან გაამართლოს. ანუ, მისი შემფასებელი უნდა გახდეს ვინმე, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია და ამის არანაირი საკანონმდებლო უფლება არ აქვს. თვითონ ის ადამიანი ვის წარმოადგენს, რა კვალიფიკაცია აქვს და რა კეთილსინდისიერების მატარებელია, ამას ვინ ადგენს? სასამართლო სისტემის თვითავტონომიური მმართველობის ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს შემუშავებული, ასეთი კარგი სტანდარტი არავის გააჩნია. კანონზე ვერაფერს ამბობენ. მათ ვეუბნებით, დედამიწაზე თუ სადმე უკეთესი კანონია დაწერილი, მოგვიტანეთ-თქო, მაგრამ ვერ მოაქვთ. მათი მიზანი უცვლელია, რომ სასამართლო გაკონტროლდეს და ახლა ეს მოიფიქრეს. არასამთავრობოები თავიანთი მაღალი „საზოგადოებრივი ნდობით“ დასხდებიან და მოსამართლეების ბულინგს დაიწყებენ – თუ დამჯერი იქნები, მწვანეს აგინთებენ, თუ არ იქნები, წითელი აგენთება. ეს არის მარტივად მათი „ვეტინგი“. ახლ უცხოური სიტყვა მოიფიქრეს და უნდათ, მოსახლეობას რაღაც ახალი ისტორია მიყიდონ. ეს ძველი ისტორიაა, თუ როგორ გააკონტროლონ და პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოაქციონ სასამართლო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.