ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მუშაობისთვის თავის არიდება არის არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემა, არამედ ღალატი ხალხის დაკვეთის
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მუშაობისთვის თავის არიდება არის არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემა, არამედ ღალატი ხალხის დაკვეთის

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო სამუშაოს შესრულებას თავს რომ არიდებენ, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემა, არამედ გარკვეულწილად, ღალატი იმ მოწოდებისა და დაკვეთის, რაც მათ ხალხისგან მიიღეს.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ოპოზიციონერებისთვის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით პროცედურების მიხედვით მოქმედებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი, პარლამენტი მიიღებს.

„ამომრჩეველმა აირჩია პოლიტიკური პარტიები და პარლამენტარები იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდნენ და თავისი სამუშაო შეასრულონ. ის სამუშაო, რომელიც ამომრჩეველმა დააკისრა. ისინი ამ სამუშაოს შესრულებას თავს რომ არიდებენ, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემა, არამედ გარკვეულწილად, ღალატი იმ მოწოდებისა და დაკვეთის, რაც მათ ხალხისგან მიიღეს, რადგან მათ მიერ გაწეული ბოიკოტი და საბოტაჟი პარლამენტის წინააღმდეგ, გარკვეულწილად ძირს უთხრის საპარლამენტო ცხოვრების ნორმალურ რიტმს და არ არის საქართველოს ინტერესებში. ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს 2 თებერვალს გახდება ცნობილი”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.