ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის დიდ ნაწილს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ შეეკრა, რათა რევოლუციური გადატრიალება მომხდარიყო, დაშვებული შეცდომების გამო, ყოველ ჯერზე თავის მართლება მოუწევს
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის დიდ ნაწილს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ შეეკრა, რათა რევოლუციური გადატრიალება მომხდარიყო, დაშვებული შეცდომების გამო, ყოველ ჯერზე თავის მართლება მოუწევს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ვერ ახერხებს მანკიერი წრიდან გამოსვლას, რომელშიც თავად მოიხვედრა თავი.

მისივე თქმით, ოპოზიციის უმრავლესობამ თავისი მერკანტინული მიზნებიდან გამომდინარე, „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირება ვერ მოახერხა.

„საქმე გვაქვს იმ მანკიერ, შეკრულ წრესთან, რაშიც ოპოზიციამ თავად მოიხვედრა თავი და ახლა ამ მანკიერი წრიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებენ. ვხედავთ, რომ სააკაშვილის განცხადება იქნება, თუ სხვა რადიკალური ოპოზიციის ფლანგის, ყოველ ჯერზე არის ამ დახურული, მანკიერი წრის შიგნით რბოლა და სირბილი, დაწყებული „რუსულის“ ძახილით და დამთავრებული სააკაშვილის ხან დემენციით, ხან ფუტურისტული პოლიტიკური განცხადებებით. ეს არის ის ცირკი და სანახაობა, რაც ოპოზიციამ საკუთარ თავს მოუწყო. რაც შეეხება ვაშაძესა და ხაზარაძეზე გაკეთებულ განცხადებას, „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირება, სულ მცირე, სამი წლის წინ უნდა მომხდარიყო, რაც ოპოზიციის უმრავლესობამ ვერ მოახერხა. მათ ეს თავიანთი მერკანტინული მიზნებიდან გამომდინარე არ გააკეთეს. ეგონათ, რომ სააკაშვილის სპეკულირებაზე თავიანთ პოლიტიკურ დივიდენდებს მოიპოვებდნენ. ისინი დღეს თავის დროზე დაშვებული უმძიმესი შეცდომების მძევლები არიან და სააკაშვილი ამას ბოლომდე გამოიყენებს, რომ ისპეკულიანტოს. აქედან გამომდინარე, ყოველ ჯერზე თავის მართლება მოუწევთ იმ დიდი შეცდომებიდან გამომდინარე, რაც დაშვებული აქვს ოპოზიციის დიდ ნაწილს, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ შეეკრნენ, რათა საქართველოში რევოლუციური გადატრიალება მომხდარიყო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.