ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია საერთოდ აცდენილია რეალურ პრობლემებს და ვიღაცის ნათქვამის ინტერპრეტაციაზე აკეთებენ დასანქცირების შესახებ განცხადებებს
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია საერთოდ აცდენილია რეალურ პრობლემებს და ვიღაცის ნათქვამის ინტერპრეტაციაზე აკეთებენ დასანქცირების შესახებ განცხადებებს

ოპოზიცია საერთოდ აცდენილია რეალურ პრობლემებს და ამის გამო, ახლა ვიღაცის ნათქვამის ინტერპრეტაციაზე იწყებენ დასანქცირების შესახებ განცხადებების გაკეთებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას იმ განცხადებაზე, სადაც ხოშტარია ამტკიცებს, რომ არსებობს არაერთი საერთაშორისო სტატია იმის შესახებ, რომ თბილისის მერმა რუსული ვაგონები შეისყიდა და კალაძის უწყება პირდაპირ არის მოხსენიებული რუსეთის აგრესიის დაფინანსების წყაროდ. ხოშტარია ამბობს, რომ მსგავსი ქმედებების გამო, შესაძლოა, ქვეყანა დასანქცირდეს და ამიტომ მნიშვნელოვანია, ხალხმა გამოხატოს საკუთარი აზრი და სანქციები გავრცელდეს პერსონალურად.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ეს არის აბსურდული მოთხოვნა.

„რომელ ანტიდასავლურ განცხადებებზეა საუბარი, ოპოზიცია საერთოდ აცდენილია იმ რეალურ პრობლემებს და რეალური პოზიციების გამოხატვას, რაც შეიძლება ქვეყნისთვის, მათ შორის ოპოზიციური ფლანგისთვის სასარგებლო იყოს. რადგან ამას არიან აცდენილი, ახლა დადიან და ვიღაცის ნათქვამის ინტერპრეტაციაზე იწყებენ განცხადებების გაკეთებას, მოდი, ეს დავასანქციროთ, მოდი, ის დავასანქციროთ. აზრის გამოთქმის მიმდევარი პოლიციელები გახდნენ, ოღონდ კი ამ ქვეყანაში ვინმე დასანქცირდეს. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება პოლიტიკოსი, მოსამართლე თუ ბიზნესმენი. ამ ოპოზიციას არ დარჩენია სხვა რესურსი,  გარდა იმისა, რომ იქნებ ვიღაცამ გარედან საქართველოს რაღაც დამართოს და ამით მათ სარგებელი ნახონ. ზუსტად ამ დრამიდანაა მათი ეს მორიგი აბსურდული განცხადება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.