ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია მოქალაქეების დაკვეთისა და სტრატეგიული მოკავშირეების მოწოდების წინააღმდეგ მოქმედებს
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია მოქალაქეების დაკვეთისა და სტრატეგიული მოკავშირეების მოწოდების წინააღმდეგ მოქმედებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ვერ აღიქვამს, რეალურად, ქვეყანას რა საჭიროება უდგას. მისივე თქმით, ისინი მოქალაქეების დაკვეთისა და სტრატეგიული მოკავშირეების მოწოდების წინააღმდეგ მოქმედებენ.

„ნათელია, რომ ოპოზიცია აბსოლუტურად ვერ აღიქვამს, რეალურად, რა სჭირდება ქვეყანას. ისინი, ვინც ე.წ. პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, მხოლოდ დესტრუქციული-რევოლუციური სცენარის მოლოდინის გაღვივებაში არიან. სხვა რაიმე კონსტრუქციული, მათ არ შეუძლიათ, რომ დაინახონ. რით არის ეს გამოწვეული, ცალკე საუბარი სჭირდება. მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეების დაკვეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ყველა სტრატეგიული მოკავშირეების მოწოდების წინააღმდეგ მიდიან.

პარლამენტარიზმი და საპარლამენტო რესპუბლიკა საერთოდ არ წარმოუდგენიათ, არამედ მათი ხედვაა – მხოლოდ ხელისუფლებაში უნდა იყვნენ, სხვანაირად არაფერი არ აინტერესებთ, არც ქვეყნისა და არც მოკავშირეების“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.