ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია გვიკიჟინებს, მაღალი სასესხო მაჩვენებელი რატომ გაქვთო, დღეს სწორედ ამის შემცირებაზე ვსაუბრობთ
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია გვიკიჟინებს, მაღალი სასესხო მაჩვენებელი რატომ გაქვთო, დღეს სწორედ ამის შემცირებაზე ვსაუბრობთ

სესხი დაკავშირებული არ არის რაიმე სხვა პოლიტიკურ მოთხოვნასთან, ქვეყანამ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ამ თვეში, მილიარდ 100 მილიონი ლარის მიღება შეძლო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დამატებითი სესხის აღება არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ქვეყანას 60-პროცენტიან ზღვართან მიახლოებული სესხი ისედაც აქვს.

„ჩვენი მიზანია, რომ სესხის ჩამოწევა ეტაპობრივად მოხდეს. ოპოზიცია კვიკიჟინებს, მაღალი სასესხო მაჩვენებელი რატომ გაქვთო, დღეს სწორედ ამის შემცირებაზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება რეფორმებს, ამ მიმართულებით ყველა ვალდებულებას ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებთ, რაც ევროინტეგრაციის გზაზე არის განსახორციელებელი. როცა საუბარია კონკრეტულად სასამართლო რეფორმაზე, ჩვენ ვითხოვთ, რომ კონკრეტული საზომი უნდა დავასახელოთ, რითაც შეიძლება. რაიმე კანონი გვაქვს მისაღები, რაც დროში არ მიგვიღია? – ისეთი კანონი არ არსებობს, რაც ჩვენ დროში უნდა მიგვეღო და არ მივიღეთ იმ სტანდარტით და იმ რეკომენდაციით, რაც ევროკავშირისგან, მათ შორის, ვენეციის კომისიისგან მოდის. საბოლოოდ, 2022 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილების მიღება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მთლიანად სასამართლო რეფორმას დაასრულებს. ესეც გაწერილია და ყველამ კარგად იცის.

თუ ვინმეს სურს, რომ პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენოს სასამართლო თემა, ეს სულ სხვა საკითხია. პოლიტიკური ინტერესებიც გვესმის, მაგრამ რეფორმები თავისი გზით მიმდინარეობს. ამიტომ, რეფორმებსა და პოლიტიკას ერთ სიბრტყეში განთავსებულს ვხედავთ. ევროკავშირთან მჭიდრო საგნობრივი საუბარი გვაქვს და გვინდა, კონკრეტულად ვიცოდეთ, რომელი კანონი არ მივიღეთ? არსებობს კანონის ჩანაწერი, რაც შესასწორებელი იყო და არ შევასწორეთ? თუ ჩვენ დავდივართ მხოლოდ იმაზე, რომ საკადრო საკითხი რატომ წყდება საქართველოს პარლამენტში, მაშინ ეს სულ სხვა საკითხია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დატოვე კომენტარი