ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ხედავს, რომ ჩვენგან რეკომენდაციების შესრულებას არანაირი შეფერხება არ ექნება, ცდილობენ, წასულ მატარებელს დაეწიონ, თან ისე, რომ „ქართული ოცნება“ დაამუნათონ
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ხედავს, რომ ჩვენგან რეკომენდაციების შესრულებას არანაირი შეფერხება არ ექნება, ცდილობენ, წასულ მატარებელს დაეწიონ, თან ისე, რომ „ქართული ოცნება“ დაამუნათონ

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ოპოზიციის დიდი ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ ევროატლანტიკური მიმართულებით საქართველოს პროგრესი ყოფილიყო საბოტაჟირებული და ტორპედირებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის სტატუსის არმინიჭება იყო დიდი პოლიტიკური სტიმული ოპოზიციის ნაწილისთვის, რომ რიტორიკა გაეგრძელებინა.

„ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მეთოდურად გააგრძელა მუშაობა რეკომენდაციების შესრულებაზე. ფაქტობრივად, რეკომენდაციების შესრულება ბოლოშია გასული და ორი პუნქტია დარჩენილი. ოპოზიცია კარგად ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან რეკომენდაციების შესრულებას არანაირი შეფერხება არ ექნება. აქედან გამომდინარე, ცდილობენ, წასულ მატარებელს დაეწიონ და უკვე მიწურულს, ბოლო ვაგონი რომ არის დარჩენილი, მასზე შემოხტომას ცდილობენ, თან ისე, რომ „ქართული ოცნება“ დაამუნათონ, იმუშავეთ რეკომენდაციების შესრულებაზეო. არცერთ მათგანს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითი თითზე არ დაუდევს რეკომენდაციების შესასრულებლად. პოლიტიკური პარტიების ნაწილი ხვდება, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება გარდაუვალია და ახლა ცდილობენ, რომ თქვან, წინააღმდეგი არ ვართ და რა მნიშვნელობა აქვს, ოპოზიციაში ვართ თუ არააო. ამით ცდილობენ იმას, რომ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ერთგვარი ბილეთი მოიპოვონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.