ირაკლი ქადაგიშვილი - ოკუპირებულ ქვეყანას გვეუბნებიან, რუსეთს სანქციები დაუწესეთო და რუსეთი მხოლოდ ეკონომიკური სანქციით შემოიფარგლება და ცხინვალს არ შეიერთებს?
განცხადებას ვინც აკეთებს, რომ მედიას ვდევნით, უნდა ჩამოიყვანო, პარლამენტში მოიყვანო, ტრიბუნასთან დააყენო და დაინახავს, მედიის დევნის საუკეთესო მაგალითს, ასევე უნდა მოასმენინო, როგორ ესაუბრება მედია პრემიერ-მინისტრს, თანამდებობის პირებს, დაინახავენ, ვინაა დევნის ქვეშ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
პატიმრებს რაც შეეხება, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ადამიანებს როდესაც სახელმწიფო გადატრიალებისკენ, პრეზიდენტის სასახლის შტურმისკენ მოუწოდებ და ამას კანონით პასუხი გაეცემა, ის არ არის პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმარი ან უკანონო პატიმარი.
„საქართველოში ყველა პატიმართან დაკავშირებით ღია სასამართლო პროცესი ჩატარდა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემის აღიარებაც არ უნდათ. მათი მიზანია, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება რადაც არ უნდა დაუჯდეთ, უნდა მოხდეს. გვეუბნებიან, ოჯახური ღირებულებების კანონი უნდა გავაუქმოთო. თითქოს, ასაგდები თემა იყოს, ევროპაში გეი პროპაგანდას არავინ გვთხოვსო და უკვე პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს მათი ფსევდო-მახინჯი ლიბერალური დღის წესრიგის აუცილებელი პირობაა, რომ აქ გეი დროშა, რაც შეიძლება ამაყად, მაღლა ფრიალებდეს და ეს ჩვენი ცხოვრების განუყრელი იდეოლოგიური თუ ფასეულობითი ნაწილი იყოს. გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა დაუშვებელია, რადგან გამჭვირვალობის და მედიამრავალფეროვნების პირობებში ადამიანი ინფორმირებული ხდება. ინფორმირებული ადამიანი კი, სასაკლაოზე ძნელი გასარეკია. ამიტომ, ეს ინფორმირებულობა და გამჭვირვალობა ევროპული ფასეულობა აღარ გახდა. გვეუბნებიან, რომ პატივს სცემენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რას სცემენ პატივს, როცა ოკუპირებულ ქვეყანას გვეუბნებიან, რომ რუსეთს სანქციები დაუწესე, არა მხოლოდ ეკონომიკა, არამედ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების რუსეთთან პირდაპირ შეერთება გამოიწვიოთო? რუსეთი მხოლოდ ეკონომიკური სანქციით შემოიფარგლება და ცხინვალს არ შეიერთებს? აქ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა? ფარატინა ქაღალდია და რეალობა არ აინტერესებთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.