ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელიას ამნისტიის კანონზე დამორჩილებაც მოუწევს და სურვილი თუ ექნება, სასამართლო დავაც გაგრძელდება
ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელიას ამნისტიის კანონზე დამორჩილებაც მოუწევს და სურვილი თუ ექნება, სასამართლო დავაც გაგრძელდება

ნიკა მელიას ამნისტიის კანონზე დამორჩილებაც მოუწევს და თუ სურვილი ექნება, სასამართლო დავაც გაგრძელდება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას ყველა განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ იგი გამოჩენილიყო უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად, სინამდვილეში ის ტრანსფორმირდა კანონდამრღვევად.

„თავიდანვე, როდესაც ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია ამ პროვოკაციაზე წავიდა, ვთქვით, რომ სახელმწიფოს და კანონის წინააღმდეგ ასე პროვოკაციული წასვლა დაუშვებელია. ნიკა მელია ამბობდა, რომ ვერ დააპატიმრებდნენ და რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია გირაოთი გამოსვლა. მოხდა ისე, რომ სახელმწიფომ თავისი ფუნქცია შეასრულა, კანონის უხეშად დამრღვევი საპატიმროში მოხვდა და დღეს ვხედავთ იმასაც, რომ ის იძულებელი ხდება, დათანხმდეს გირაოს გადახდას და ასე გამოვიდეს გარეთ. ამას შემდეგ მოჰყვება ის, რაც ევროკავშირის შეთანხმებაშია ჩადებული, ამნისტიის შესახებ კანონის განხილვა უკვე პარლამენტში. მას ამ ამნისტიის კანონზე დამორჩილებაც მოუწევს და თუ სურვილი ექნება, სასამართლო დავაც გაგრძელდება.

ნიკა მელიას უნდოდა კანონდარღვევით პოპულარობის და შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი საპატიმროში აღმოჩნდა და ახლა იძულებულია, დათანხმდეს გირაოს. ხედავს, რომ აბსოლუტურად წამგებიანი, უპერსპექტივო იყო ოპოზიციისთვის მთელი 6 თვე და ბოლოს მისი ეს ერთთვიანი პატიმრობაში ყოფნა აღმოჩნდა ძალიან დიდი ზიანის მომტანი. ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც ჰქვია უპრინციპობა, სახელმწიფოს ეროვნული და კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და პოლიტიკური ბრძოლის მარგინალზაცია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.