ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელია თუ სასამართლო დავას გააგრძელებს და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მას მაინც შეეხება ამნისტია
ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელია თუ სასამართლო დავას გააგრძელებს და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მას მაინც შეეხება ამნისტია

ოპოზიცია ვერ იჩენს იმ მინიმალურ კონსენსუსს, რაც საღი აზრის გასამარჯვებლად არის საჭირო, რომ პარლამენტში ამნისტიის შესახებ ერთი კანონი ყოფილიყო წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი, რადგან ნიკა მელია კანონის დარღვევაზე წააქეზეს.

„ხელშეკრულებაში ჩადებული ყველა მუხლი სწორად უნდა წავიკითხოთ. გარკვეული დრო დავხარჯეთ იმაში, რომ ოპოზიციასთან გვქონოდა კონსულტაციები, რადგან შევჯერებულიყავით ამნისტიის ერთიან ტექსტზე. როგორც ვხედავთ ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც კი, ვერ იჩენს იმ მინიმალურ კონსენსუსს, რა მინიმალური კონსენსუსიც საღი აზრის გასამარჯვებლად არის საჭირო, რომ ამნისტიის შესახებ ერთი კანონი ყოფილიყო და ყველა რეალური მოთხოვნა, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან, ასახულიყო.

ამიტომ, ეს ვადა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით სწორედ ამ კონსულტაციებს და შიდა პოლიტიკურ დებატებს დასჭირდა. 13 რიცხვში მთავრდება სახელმწიფო უქმეები. პირველივე სესიაზე გამოდის უკვე კანონპროექტი. ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება, რაიმე ხელოვნურ კრიზისზე ვისაუბროთ. პოლიტიკური პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ერთადერთი პრობლემა რაც ოპოზიციას ახსოვს და ალბათ, სამწუხაროდ, მომავალშიც ეხსომება, არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლა. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისა და ხვალინდელი თანამდებობების თემა არის მათი პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგი.

ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი იმით, რომ წააქეზეს ნიკა მელია, რათა მას კანონი უხეშად დაერღვია. ბევრი წამქეზებელი ჰყავდა. ბევრი ოპოზიციონერი ციხეში დადის, რომ რამენაირად ნიკა მელიას წინაშე თავისი პოზიცია გამოისყიდის და ნიკა მელია მათზე გაბრაზებული არ იყოს. ეგ ყველაფერი ოპოზიციის პრობლემებია.

ამნისტიის კანონს მივიღებთ. ეს მუხლები იქნება ამნისტირებული. მელიას თუ სასამართლო დავის გაგრძელების სურვილი ექნება, ამის გაკეთება შეუძლია და შეიძლება, მასზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, თუმცა მაინც ამნისტირებული იქნება და მელიას ამნისტია ყველა შემთხვევაში შეეხება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.