ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა კი არ არის, მათი მიზანია, ციხიდან ნებისმიერი გზით გამოიყვანონ, რაც კანონთან შეუსაბამოა
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა კი არ არის, მათი მიზანია, ციხიდან ნებისმიერი გზით გამოიყვანონ, რაც კანონთან შეუსაბამოა

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა კი არ არის, მათი მიზანია, სააკაშვილი ციხიდან ნებისმიერი გზით გამოიყვანონ, რაც კანონთან შეუსაბამოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, მისთვის ბუნდოვანია ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დაწყებული შიმშილობის მიზანი.

„მესმის, რომ ეს არის პოლიტიკური აქცია, მაგრამ დეპუტატების მიერ დაწყებული შიმშილობის მიზანი ბუნდოვანია. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მისი ე.წ. შიმშილობის აქცია მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი შიმშილობის ფორმიდან და კვების რაციონიდან გამომდინარე, რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხე მის ჯანმრთელობას არ ექმნება. აქედან გამომდინარე, მოშიმშილე დეპუტატების მოთხოვნა რომ ყოფილიყო – მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო, ლოგიკასთან უფრო ახლოს იქნებოდა, ვიდრე ის, რომ გადაიყვანეთ სამედიცინო-სამოქალაქო დაწესებულებაშიო. თუ მიზანია, დაცული იყოს პაციენტის ჯანმრთელობა, მისი ჯანმრთელობა დაცულია პენიტენციურ დაწესებულებაში. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა კი არ არის, არამედ მათი მიზანია, სააკაშვილი ციხიდან ნებისმიერი გზით გამოიყვანონ, რაც შეუსაბამოა კანონთან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.