ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედებები გააზრებული პოლიტიკა არ არის, მათი დატვირთვა იყო პარლამენტში ყვირილი, მაგიდაზე ახტომა
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედებები გააზრებული პოლიტიკა არ არის, მათი დატვირთვა იყო პარლამენტში ყვირილი, მაგიდაზე ახტომა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ვერ მოძებნა და მანდატებს ხან ტოვებენ, ხან ნახევრად ტოვებენ, ხან ქუჩის აქციებს იწყებენ, – ამის შესახებ ​პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „„ნაციონალური მოძრაობა“ არის იმ ჭაობში, სადაც, რაც უფრო რადიკალურ ფაფხურს გააგრძელებენ, მათი უფრო და უფრო ჩაფლობა მოხდება“.

„მათ რეალური დღის წესრიგი არ გააჩნიათ. მათ პოლიტიკური ცხოვრების მაჯისცემაზე კონტროლი 2020 წლის შემდეგ დაკარგეს, როცა მოქმედებდნენ სპონტანურად, იმპულსურად, გაუაზრებლად. მათ საპარლამენტო ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ვერ მოძებნეს და მანდატებს ხან ტოვებენ, ხან ნახევრად ტოვებენ, ხან ქუჩის აქციებს იწყებენ. მათი ჯერ კიდევ ერთადერთი იმედი, რაც ფერმკრთალად აქვთ, არის ის, რომ რამენაირად პროვოკაცია და ინციდენტი მოახდინონ, რაც მეტ-ნაკლებად საშუალებას მისცემთ, რაღაც ტალღის აგორებაზე იფიქრონ. მათი ქმედებები გააზრებული პოლიტიკა არ არის. მათი დატვირთვა იყო პარლამენტში ყვირილი, მაგიდაზე ახტომა. მათ ნაყოფიერი მუშაობა არ გაუწევიათ, როგორც ოპოზიციას. თითიდან გამოწოვილი საბაბით არ შემოდიან და ეს მეტყველებს მათ პოლიტიკური შინაარსისგან დაცლაზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.