ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - ვერც იომეთ, ვერც მშვიდობა შეინარჩუნეთ და აცალეთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ცდილობს, ქვეყანას ომი ააცილოს და ევროპის გზაზე გაიყვანოს
ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - ვერც იომეთ, ვერც მშვიდობა შეინარჩუნეთ და აცალეთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ცდილობს, ქვეყანას ომი ააცილოს და ევროპის გზაზე გაიყვანოს

თქვენ ვერც იომეთ, ვერც მშვიდობა შეინარჩუნეთ და აცალეთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ ვითარებაში ცდილობს, რომ ქვეყანას ომი ააცილოს და ევროპის გზაზე გაიყვანოს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას. ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა.

„აქ კიდევ ერთხელ ვართ მომსწრე ჩვეულებრივი ფარისევლობისა, რომელიც საქართველოს ისტორიაში არც პირველი ყოფილა და არც ბოლო. ევროკავშირი, ევროცივილიზაცია არის საქართველოს ისტორიული არჩევანი და უნდა ვიცოდეთ ერთი რამეც, რომ ამ ისტორიული არჩევანისკენ, ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიდიოდა ყველა ქართველი მეფე და ყველა რელიგიური თუ საერო მოღვაწე, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად შემხებლობა არ ჰქონდათ იმ გეოპოლიტიკურ სივრცესთან, სადაც ევროპული ცივილიზაცია ყალიბდება; მაგრამ ეს იყო მათი არჩევანი და სწორედ ეს არჩევანი იყო იმ მეფისაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ღვაწლმოსილი მეფე იყო ომში და ბრძოლაში; მისი ცივილიზაციური არჩევანი იყო სწორედ ის, რაც დღეს საქართველოში რეალიზების გზაზეა; მაგრამ, როგორც ახლა გვეუბნებიან, თურმე ის მეფე მოღალატეა, თურმე ის ეკლესია ხელის შემშლელია; თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების აშენებაში ვინც იღებდა მონაწილეობას, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს, უნდა დავუწესოთ სანქციები; თურმე, ის ადამიანი, ვინც პუტინისეული საპრეზიდენტო რესპუბლიკა დააფუძნეს საქართველოში, ვინც რუსულ აგრესიას ასე პირდაღებული შეხვდნენ, ვინც ციხეებში წამება, ქონების ჩამორთმევა, ვინც ათასი უბედურება გამოატარა ამ ქვეყანას, რათა ტროცკისტული მეთოდებით ახალი ქართველი გამოეყვანათ; თურმე დღეს ესენი არიან ევროპელები და ის, ვინც ტაძარს აშენებს;

ყველაფერი გაზომვადია – შეადარეთ თქვენი კონსტიტუცია და დღევანდელი კონსტიტუცია, შეადარეთ თქვენი სასამართლო სისტემის ინსტიტუციური მოწყობა და დღევანდელი სასამართლოს ინსტიტუციონალური მოწყობა, შეადარეთ მაშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებები როგორი იყო და დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებები როგორი არის; შეადარეთ მაშინდელი საარჩევნო კოდექსი და დღევანდელი საარჩევნო კოდექსი, შეადარეთ მაშინდელი მედია მდგომარეობა – ჭურში ჩაშვებული მედია, დაყაჩაღებული მედიასაშუალებები და დღეს ხუთ წუთში რომ შეგიძლია, მედია გახსნა და მედია აქტიურობა აწარმოო. შეადარეთ დღევანდელი საარჩევნო სისტემის შედეგად მიღებული პარლამენტის მრავალფეროვნება“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერც მშვიდობას შენარჩუნება შეძლო და ვერც იომა.

„ის პოლიტიკა, რაც თქვენ აწარმოეთ, პარლამენტის ბოიკოტის და ქვეყნის საბოტაჟისა მთელი ამ წლების განმავლობაში და ის, რომ დღეს აქ თურმე „ალდეს“ რეზოლუცია წყვეტს საქართველოს ბედს, გახდება თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი – არა, ბატონებო და ყველა ასეთ გამოხდომას და მათ შორის – ომი გვინდა, არ გვინდას, თქვენ რომ რამე გდომებოდათ ან 2008 წელს მშვიდობას შეინარჩუნებდით, ან თუ ომი დაიწყო, იომებდით; ვერც ერთი ქენით, ვერც მეორე და აცალეთ იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ხალხმა მხარი დაიჭირა და ვინც დღეს ამ ვითარებაში ცდილობს, რომ ქვეყანას ომი ააცილოს და იმ გზაზე გაიყვანოს, სადაც დადიოდა პირველი ის ქართველი, ვინც ფიზიკურად ვერ ეხებოდა იმ ცივილიზაციას, მაგრამ სულიერად, აზრობრივად ამ ცივილიზაციის მომხრე იყო და მშენებელი; ერეკლე მეორემ მეთვრამეტე საუკუნეში სწორედ იმ გეოპოლიტიკურ დახურულ სივრცეში დღევანდელი ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა და უნდა გაეცეს ყველას ეს პასუხი, ბერძენიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა გვარის ადამიანი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.