ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მორიგ ჯერზე სურს, აქციებით, პროვოკაციებით, არეულობით მიზანს მიაღწიოს, რასაც ასრულება არ უწერია
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მორიგ ჯერზე სურს, აქციებით, პროვოკაციებით, არეულობით მიზანს მიაღწიოს, რასაც ასრულება არ უწერია

მიხეილ სააკაშვილმა თვითდაზიანებას თავი უნდა დაანებოს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ალბათ დღეს არის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით კანონი ბოლომდე უნდა აღსრულდეს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განმარტება იუსტიციის მინისტრმა უკვე გააკეთა. ამ ადამიანმა თვითდაზიანებას თავი უნდა დაანებოს. თვითდაზიანების რეჟიმში თუ არ იქნება, მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ალბათ დღეს არის. მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრები ამ პროცესს პოლიტიკურ პროცესს რომ დაარქმევენ, ეს ბუნებრივი მოვლენაა და პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკაა. გამოსავალია, კანონი ბოლომდე აღსრულდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, აქციებით, არეულობით ხელისუფლება ჩამოშალოს, ქვეყანა დაასუსტოს. ქადაგიშვილის თქმით, ამ მიზანს განხორციელება არ უწერია.

„კარგი იქნება, თუ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში არ იქნება და ელემენტარულ მოთხოვნებს შეასრულებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ მორიგ ჯერზე უნდა აქციებით, პროვოკაციებით, არეულობით მიზანს მიაღწიოს და ხელისუფლება ჩამოშალოს, ქვეყანა დაასუსტოს. ამ მიზანს ასრულება არ უწერია ორი მარტივი მიზეზის გამო – ეს არ არის ქართველი ხალხის დაკვეთა და საქართველოს სხვა დღის წესრიგი სჭირდება, ვიდრე ამას ომისა და ღალატის პარტია ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად აანონსებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.