ირაკლი ქადაგიშვილი - ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით მეორე ტურისთვის მზადებას
ირაკლი ქადაგიშვილი - ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით მეორე ტურისთვის მზადებას

თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის გადაწყვეტილებისა, არჩევნების მეორე ტური მაინც ჩატარდება.

მისივე განცხადებით, პირველ ტურში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები შეიცვლიან თუ არა აზრს, კანონით გაწერილია მეორე ტური და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით მეორე ტურისთვის მზადებას. ამ ოლქში არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. ჩემი ოპონენტიც იმ სამწუხარო ნარატივში ზის, რაშიც ზოგადად ოპოზიცია, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა, როგორი უნდა იყოს მათი ხვალინდელი ცხოვრების წესი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხმების 47.26 პროცენტი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა  40. 43 პროცენტი დააგროვა.