ირაკლი ქადაგიშვილი - მთელი რიგი პოლიტიკური პარტიები კრებსების გამოქვეყნებამდე ეკლესიის დისკრედიტაციას განუწყვეტლივ ახორციელებდნენ
ირაკლი ქადაგიშვილი - მთელი რიგი პოლიტიკური პარტიები კრებსების გამოქვეყნებამდე ეკლესიის დისკრედიტაციას განუწყვეტლივ ახორციელებდნენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ მთელი რიგი პოლიტიკური პარტიები და მათი იდეოლოგიური მანქანები ე.წ. კრებსების გამოქვეყნებამდე ეკლესიის დისკრედიტაციას განუწყვეტლივ ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდნენ.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი ქადაგიშვილი სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ლილუაშვილმა თქვა, ჯერ კიდევ გასარკვევია, რასთან აქვთ საქმე.

„როგორც დეპუტატი ინფორმაციას არ ვფლობ არც საიდუმლოს, არც ოპერატიულს, არც საგამოძიებოს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება გამოძიების ინფორმაცია. ვხედავთ, რომ მთელი რიგი პოლიტიკური პარტიები და მათი იდეოლოგიური მანქანები ყოველდღიურ რეჟიმში ე.წ. კრებსების გამოქვეყნებამდე ახორციელებდნენ მუდმივ და განუწყვეტლივ დისკრედიტაციას ეკლესიის. მათი ამოცანაა, ეკლესია, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი დასუსტებული იყოს. ამას წლების განმავლობაში ყოველ დღე ვუყურებდით. ეს მიმართული იყო ეკლესიის დასუსტებისკენ, კონკრეტულად იქითკენ, რომ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის გარკვეული განხეთქილება შეეტანათ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა, ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა.