ირაკლი ქადაგიშვილი - მოწოდებული ვართ, თუ ევროკავშირი 2030 წლისთვის გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება, საქართველომ ევროკავშირის წევრობა დაიმსახუროს
ირაკლი ქადაგიშვილი - მოწოდებული ვართ, თუ ევროკავშირი 2030 წლისთვის გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება, საქართველომ ევროკავშირის წევრობა დაიმსახუროს

მოწოდებული ვართ, თუ ევროკავშირი 2030 წლისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება, საქართველომ ევროკავშირის წევრობა დაიმსახუროს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის აუცილებელი პირობაა, სახელმწიფოს და საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო ევროკავშირის სტანდარტთან იყოს დაახლოებული.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საეტაპო იყო, რადგან ეს ნიშნავს, რომ პროცესში ოფიციალურად ხარ ჩართული. ხშირად უტრირებას ვაკეთებთ, თითქოს გარკვეული 12 პუნქტი, თუ ცხრა ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობაა, რაც ასე არ არის. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს გაცილებით დიდი სამუშაო აქვს შესრულებული, ვიდრე ეს 12 პუნქტით იყო გათვალისწინებული და კიდევ მეტ სამუშაოს შევასრულებთ, ვიდრე ცხრა ნაბიჯით იქნება განსაზღვრული. ევროკავშირისთვის აუცილებელი პირობაა, რომ სახელმწიფოს და საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო ევროკავშირის სტანდარტთან იყოს დაახლოებული.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში პოლიტიკური ინტრიგა ჩადებული? – ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არის. როდესაც უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ხოლო საქართველოს არა, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ ობიექტურ საზომზე დამოკიდებული არ იყო. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის ახსნა ევროკავშირში ვერავინ მოახერხა. უკრაინა ან მოლდოვა საქართველოზე წინ რაიმე ობიექტური პარამეტრებით რითაა? – ამაზეც ევროკავშირიდან ობიექტურ საზომს ვერავინ ასახელებს. ამ საკითხში გარკვეული პოლიტიკური ინტრიგა იყო ხოლმე. აქედან გამომდინარე, „ხალხი ძალა“ თავის პოლიტიკურ პროგნოზს აკეთებს. იმის მიუხედავად, რომ დღეს, ფორმალურად, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნილი არ არის, დღესაც საქართველო ევროკავშირთან მუდმივ სამუშაო რეჟიმშია. ჩვენთან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებიც კი, შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს ეწირება, რასაც საქართველოში რადიკალური გლობალური ომის პარტია ახორციელებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.