ირაკლი ქადაგიშვილი - მოვუწოდებ ყველას, სწორ გზაზე წინააღმდეგობის კერებს ხელოვნურად ნუ გამოიგონებთ, ცხრა ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაობის ყველა საშუალებაა პარლამენტში
ირაკლი ქადაგიშვილი - მოვუწოდებ ყველას, სწორ გზაზე წინააღმდეგობის კერებს ხელოვნურად ნუ გამოიგონებთ, ცხრა ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაობის ყველა საშუალებაა პარლამენტში

მოვუწოდებ ყველას, სწორ გზაზე წინააღმდეგობის კერებს ხელოვნურად ნუ გამოიგონებთ, მათ შორის, მივმართავ ოპოზიციას და ოპოზიციის პროპაგანდისტულ საშუალებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ცხრა ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაობის ყველა საშუალება არის პარლამენტში, ყველა ფორმატი იქნება რეალიზებული, რაც საქმის შესრულებას სჭირდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი რიგი ამოცანები, რაც ამ ცხრა ნაბიჯშია გაწერილი, არ არის მხოლოდ პარლამენტის შესასრულებელი და აქ ბევრი საკითხია, რომლებიც, მათ შორის, მთავრობის პოლიტიკის გატარების საკითხს ემსახურება, ამ პოლიტიკის გატარებასთან არის დაკავშირებული, მათ შორის, სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება, რომლებიც შეიძლება, იყოს საჭირო. გამომდინარე იქიდან, რა საკანონმდებლო ინიციატივა დასჭირდება ამ პროცესის შესრულებას, სწორედ ამ საკანონმდებლო ინიციატივების გარშემო იქნება მუშაობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება ცოცხალი პროცესი და, რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს ექნება სრული საშუალება, რომ ამ პროცესში ჩაერთოს. ამ რეკომენდაციების შინაარსიც და შესრულების მიმდინარეობაც სხვადასხვაგვარია. არავის არაფრის ეშინია. კრიტიკისთვის, რეკომენდაციისთვის, კონსენსუსისთვის ყველანაირი ინსტრუმენტი კანონით გაწერილია საქართველოს პარლამენტში. მოვუწოდებ ყველას, სწორ გზაზე წინააღმდეგობის კერებს ხელოვნურად ნუ გამოიგონებთ. მათ შორის, მივმართავ ოპოზიციას და ოპოზიციის პროპაგანდისტულ საშუალებებს. მუშაობის ყველა საშუალება არის ამ პარლამენტში, ყველა ფორმატი იქნება რეალიზებული, რაც ამ საქმის შესრულებას სჭირდება. იქნება საკითხი, რომელსაც წარმოადგენს მთავრობა, იქნება საკითხი, რომელსაც შეიძლება პარლამენტში ჰქონდეს ინიციატივა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.