ირაკლი ქადაგიშვილი – მიუხედავად ელექტორალური მხარდაჭერისა, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა შეიძლება, იყოს შეუსაბამო კონსტიტუციასთან და სასამართლომ მიიღოს მათი აკრძალვის გადაწყვეტილება

01:14, 22.10.2026

პოლიტიკური პარტია ნიშნავს, რომ მას რაღაც გარკვეული პოლიტიკური და, მათ შორის, ელექტურალური მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მიუხედავად ელექტორალური მხარდაჭერისა, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, შეიძლება, იყოს შეუსაბამო კონსტიტუციასთან, კონსტიტუციურ წყობასთან და სასამართლომ მიიღოს ასეთი პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს არის ის ნორმა, რომელიც, ზოგადად, არა მარტო პოლიტიკური პარტიის მიმართ, არამედ პიროვნების მიმართაც მოქმედებს. პიროვნებას აქვს უფლება კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებისა, მაგრამ მან, შეიძლება, ისეთი ქმედება ჩაიდინოს, რომ ეს თავისუფლება მას აღეკვეთოს. აქედან გამომდინარე, ეს ის ნორმაა, რომელიც სწორედ მაგიტომაც არსებობს, რომ რაღაც უფლება შეგეზღუდოს. ეს უფლება უნდა შეგეზღუდოს თუ არ უნდა შეგეზღუდოს, ამას გადაწყვეტს უკვე საკონსტიტუციო სასამართლო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ამ პარტიების მხრიდან აპელირება, რომ ამომრჩეველი ჰყავდათ და ჰყავთ, პოლიტიკურად და მორალური კუთხით ძალიან არარელევანტურია.

„ამ პარტიებს ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, არავინ არ უარყოფს ამას, მაგრამ რომელიმე ეს პოლიტიკური პარტია შეეკითხა თავის ამომრჩეველს, როდესაც ყოველგვარი არგუმენტის, ფაქტის და მტკიცებულების მოტანის გარეშე აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ შედგა და, ფაქტობრივად, ქვეყანაში დემოკრატიული და საკონსტიტუციო წყობის ჩამოშლის გზას დაადგა? ამაზე პასუხი არსებობს? ვინმემ იზრუნა თავის ამომრჩეველზე? აქ ის კი არ არის მარტო, მათ რომ თქვეს, ჩვენ არ გვინდა ეს არჩევნები და არ შევდივართ ამ პარლამენტში, მათ განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამის დამამტკიცებელი ვერცერთი საბუთი ვერ წარმოადგინეს და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბოლო სამი საპარლამენტო არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის მხრიდან სულ ამ სცენარით ვითარდებოდა, გავიხსენოთ ყველაფერი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, როგორც კი მათთვის სასურველი შედეგი არ დგებოდა, მაშინვე იწყებოდა დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძვლების მოშლა-ნგრების პოლიტიკა.

„მაგალითად, საფრანგეთში ან გერმანიაში რომ რომელიმე პარტიამ ეს ერთხელ, ორჯერ განაცხადოს, თქვენ გგონიათ, იმ პარტიის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება? აუცილებლად დადგება. თქვენ გგონიათ, უკრაინაში რომ 18 პარტია აკრძალეს, ან მოლდოვაში, ან კიდევ სხვაგან, იმათ თავიანთი ამომრჩეველი არ ჰყავდათ? იქ სასამართლოც არ ჩაუტარებიათ, აქ კი ღია ეთერით მიმდინარეობს სასამართლო. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკური ბრძოლის არეალი, შეიძლება, პარლამენტს გარეთაც იყოს, რა თქმა უნდა, შეიძლება, პოლიტიკური ბრძოლის არეალი იყოს პარლამენტს გარეთაც, მაგრამ არ შეიძლება, არჩევნები, დემოკრატია და კონსტიტუციური ინსტიტუტების ლეგიტიმაცია მუდმივად, ყოველგვარი არგუმენტაციის, მტკიცებულებების გარეშე ხდებოდეს ამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან დარტყმის ობიექტი. ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? ამის მერე ხდება ამ თემის მუსირება მსოფლიოს მასშტაბით და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების შელახვა. საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ, რაც რაღაცნაირად ბუმერანგივით შეუტრიალდებათ ხოლმე, გუშინ, როდესაც საფრანგეთის სენატი ამკაცრებდა კანონმდებლობას უცხოურ ჩარევაზე, მიტინგებთან და ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, შს მინისტრმა, რომელსაც კანონპროექტი გამოჰქონდა, საქართველოს მაგალითი მოიტანა, რადგან ეს უქმნის ქვეყანაზე ამ წარმოდგენას მთელ მსოფლიოს და ეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ფუნდამენტურ პრობლემებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეკითხვაზე, რატომ მოხდა სასარჩელო მოთხოვნაში გიორგი გახარიას პარტია, რომელმაც ბოიკოტი შეწყვიტა და შემდგომ აღიარა არჩევნების შედეგები, ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ გახარიას პარტიაზეც არის ბმა, ხშირ შემთხვევაში როლები საკმაოდ ოსტატურად იყო ხოლმე გადანაწილებული, ვიღაც უნდა გარეთ გაქცეულიყო, ვიღაც შიგნით დარჩენილიყო და ასე შემდეგ.

„გახარიას პარტია ბოლოს კი შემოვიდა პარლამენტში, მაგრამ ისინი არ აღიარებდნენ, რომ ეს არჩევნები იყო კანონიერი არჩევნები და ლეგიტიმაციის საკითხს არ აღიარებდნენ ასე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი