ირაკლი ქადაგიშვილი - მესამე ძალა სიახლეს უნდა ნიშნავდეს, რასაც გადაჯგუფება-გადმოჯგუფებაში მოსახლეობა ვერ ხედავს
ირაკლი ქადაგიშვილი - მესამე ძალა სიახლეს უნდა ნიშნავდეს, რასაც გადაჯგუფება-გადმოჯგუფებაში მოსახლეობა ვერ ხედავს

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მესამე ძალის შექმნის მცდელობა პირველი არ არის, ფაქტობრივად, ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ამის მცდელობა რამდენჯერმე იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, წარმატებით ვერც ერთხელ დასრულდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე ძალად ჩამოყალიბებისთვის გაერთიანებას საჭირო წინაპირობები არ აქვს.

„2 ოქტომბრის არჩევნების წინ ეს გაერთიანება მესამე ძალა ვერანაირად ვერ იქნება, რადგან არც შემადგენლობა, არც პოლიტიკური კურსი და არც სხვა პირობები არ აქვთ, რომ მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ. ვფიქრობ, რომ ეს არის სურვილის განცხადება, ვიდრე რეალობა, რაც შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებზე მივიღოთ. მესამე ძალა მართლა სიახლეს უნდა ნიშნავდეს, ამ შემთხვევაში, ის პოლიტიკური აქტორები გვყავს, ვინც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მკაფიოდ გამოხატული სახეები და ლიდერები, ასევე ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მუდმივად ერთი პარტიიდან მეორე პოლიტიკურ ბანაკში გადადიოდნენ. აქედან გამომდინარე, რაიმე სიახლეს როგორც ადამიანური, ასევე პოლიტიკური სიახლის შეთავაზების თვალსაზრისით, მოსახლეობა ვერ ხედავს ამ გადაჯგუფება-გადმოჯგუფებაში. ეს გაერთიანება მესამე ძალა ვერ იქნება და ამას თვითმმართველობის არჩევნებზე, ერთი თვის თავზე ვნახავთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეს იგეგმება პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ პრეზენტაცია, რომელსაც უერთდებიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“ და გრიგოლ ვაშაძე.

დატოვე კომენტარი