ირაკლი ქადაგიშვილი - მერწმუნეთ, პარლამენტი იმ მოსამართლის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ვინც ამის ღირსი იქნება
ირაკლი ქადაგიშვილი - მერწმუნეთ, პარლამენტი იმ მოსამართლის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ვინც ამის ღირსი იქნება

მერწმუნეთ, პარლამენტი იმ მოსამართლის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ვინც ამის ღირსი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, პუნქტობრივად, საგნობრივად და რა თქმა უნდა, ჩვენი კონსტიტუციითა და კანონმდებლობიდან გამომდინარე, ყველა საკითხს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. ვსაუბრობ იმაზე, რაც შარლ მიშელის დოკუმენტში იყო ასახული. ამ საკითხზე კომუნიკაცია გვქონდა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთანაც. პუნქტობრივად იქნა მიწოდებული ჩვენეული ხედვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული ყველა პუნქტი და მათ შორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესრულებული გვაქვს. მათ შორის წარდგენის წესი, უზენაესი უმაღლესი სასამართლოს ფორმირების წესი და მათ შორის, დამატებითი დრო, რომ ამ ახალი წესებიდან გამომდინარე, მისცემოდათ დამატებითი საშუალება ყველა მსურველს, დამატებით წარმოედგინათ თავიანთი კანდიდატურები.

აქედან გამომდინარე, მართლაც ბუკვალურად გავყევით ამ დოკუმენტის სულისკვეთებას და ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის კანონებს. სწორედ ამ პროცესით მოხდა დღეს მოსამართლეთა წარდგენა. ამ წარდგენილ მოსამართლეებს აქვთ გასავლელი საპარლამენტო ფილტრი. მერწმუნეთ, რომ პარლამენტი იმ მოსამართლის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ვინც ამის ღირსი იქნება. პარლამენტში იქნება ამაზე მსჯელობა და დებატები. თითოეულ პარლამენტარს ექნება საშუალება, დაუსვას კითხვები კანდიდატს და ამის შემდეგ მიიღოს ყველამ ინდივიდუალურად გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, გარდა პარტიული ფრაქციული დისციპლინისა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თითოეული პარლამენტარის პასუხისმგებლობაც“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.