ირაკლი ქადაგიშვილი – „მარიაჟობით“ აგებული სტრატეგია ყოველთვის კრახით მთავრდება, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ჟორჟოლიანის გამწესება, როგორც ჩანს, მორიგი „სვეცკური“ გადაწყვეტილებაა
„სვეცკობით“ და „მარიაჟობით“ აგებული პოლიტიკური სტრატეგია ყოველთვის კრახით მთავრდება. ამის ნათელი მაგალითია ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.
„მათი ხშირი ცვალებადობა და შიდა არეულობა გამოწვეულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ გარე ინტერესებს. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, საიდანაც ამ პარტიის დეგრადირება იწყება. სააკაშვილის განცხადებებს არანაირი საერთო არ აქვს იმასთან, რასაც ეროვნული ინტერესები ჰქვია. როგორც ჩანს, მორიგი „სვეცკური“ გადაწყვეტილებაა ნანუკა ჟორჟოლიანის პარტიის თავმჯდომარედ გამწესება – სერიალი გრძელდება. ეს ყველაფერი რეალურ პოლიტიკაში არ გადის და დანარჩენს თავადაც აფასებენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „„სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია“.