ირაკლი ქადაგიშვილი - მამუკა ხაზარაძე საკუთარი ამბიციების მსხვერპლი გახდა, ამიტომ ივანიშვილის მიმართ შურისძიებით არის გამსჭვალული, მან ჯერ განვლილი გზა შეაფასოს, შემდეგ შეედაროს ივანიშვილს
ირაკლი ქადაგიშვილი - მამუკა ხაზარაძე საკუთარი ამბიციების მსხვერპლი გახდა, ამიტომ ივანიშვილის მიმართ შურისძიებით არის გამსჭვალული, მან ჯერ განვლილი გზა შეაფასოს, შემდეგ შეედაროს ივანიშვილს

სამწუხაროდ, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში ყოფნის მოტივაცია მხოლოდ და მხოლოდ შურისძიებაა, ის გახდა საკუთარი ამბიციების მსხვერპლი, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება“.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, „სწორედ ამიტომ არის მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის მიმართ შურისძიებით გამსჭვალული“. მისივე თქმით, ხაზარაძემ ჯერ თავისი განვლილი გზა უნდა შეაფასოს და შემდეგ შეედაროს ბიძინა ივანიშვილს.

ამასთან, ქადაგიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა.

„რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, ახლა ისევ იმ ევროპარლამენტარებს ვხედავთ, რომლებიც დაჟინებით ხელს უშლიდნენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რომელთა განცხადებები მაპროვოცირებელი იყო. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც პოლიტიკური როლი აქვთ მორგებული. ისინი ამით არიან პოლიტიკაში დაკავებულები. ევროპარლამენტარებისთვის არის არჩევნები და ისინი ისევ გააქტიურდებიან, რომ ამ თვალსაზრისით მათი საჭიროება აუცილებელი გახდეს. ანუ, მათი პოლიტიკური კარიერის მსხვერპლი საქართველოს ინტერესები უნდა გახდეს. მათი ასეთი პოლიტიკური საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ ხალხის თვალში უკვე ნათელია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.