ირაკლი ქადაგიშვილი – ლომჯარიას და ფიშერის შეხვედრა არა მხოლოდ დახურული იყო, არამედ აგენტურული სცენარი იყო გათამაშებული, შეხვედრები ასე როცა ხდება, იქ კარგზე არავინ ლაპარაკობს
მხოლოდ დახურული შეხვედრა არ იყო, ეს არის აგენტურა, აგენტურული სცენარი იყო გათამაშებული. ურთიერთობა და შეხვედრები ასე როცა ხდება, იქ კარგსა და სასიკეთოზე არავინ ლაპარაკობს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეხვედრის შესახებ დაუსვეს კითხვა.
„ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოს დაშანტაჟების იარაღია? დღე და ღამე ამაზე არ ლაპარაკობს ოპოზიცია, რომ საქართველო დაასანქცირონ და რამენაირად ხალხის მდგომარეობა გააუარესონ? თურმე საქართველოსთან ურთიერთობა ისაა, რომ ქართველ ხალხს თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო. საქართველოს დამოუკიდებლობიდან 35 წლის თავზე აქამდე მივიდა ევროკავშირი. ამაყობენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობისთვის ეს იარაღი აქვთ. მათ სხვა იარაღი და ენა ვერ მოძებნეს, რადგან დემოკრატიაზე როცა თვალს ხუჭავ და რეჟიმის ცვლილების იდეით ხარ შეპყრობილი, იქ დემოკრატიის ადგილი აღარ გრჩება. ეს არის ის, რის გამოც ნინო ლომჯარიას რეზიდენტთან შეხვედრის სცენა გათამაშდა და არა ის, რომ ადამიანი ელჩს შეხვდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.