ირაკლი ქადაგიშვილი - ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონი მივიღეთ, რადგან ვიცავთ ოჯახის უფლებებს, შვედეთის პრემიერის განცხადებამ ამის გარშემო სპეკულაციას წერტილი დაუსვა
ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონი მივიღეთ, რადგან ვიცავთ ოჯახის უფლებებს. შვედეთის პრემიერის განცხადებამ ამის გარშემო სპეკულაციას წერტილი დაუსვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება იმ უკიდურესად ლიბერალური, დამაზიანებელი პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილია, რომელიც დღეს გამეფებულია ევროკავშირში.
„ჩემთვის არ იყო გასაკვირი ეს განცხადება, რაც შვედეთის პრემიერმა გააკეთა. მან პირდაპირ ხაზი გაუსვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, უკრაინას რა წარმატება ექნება, რა სისხლი დაღვარა, რა მტკივნეული გზა გაიარა. აუცილებელი პირობა ყოფილა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება იყოს დაკანონებული. ვფიქრობ, ეს არის გარკვეული უკიდურესად ლიბერალური, დამაზიანებელი პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, გამეფებულია ევროკავშირში. იმედს ვიტოვებ, რომ ეს იდეოლოგია, საბოლოო ჯამში, მეორე პლანზე გადავა და ევროპა უფრო ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს დაუბრუნდება.
როდესაც ჩვენი ე.წ. ლიბერალები ნიშნის მოგებით ლაპარაკობდნენ, „ევროპა გვთხოვს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დავაკანონოთ?“ და „რატომ მიიღეთ კანონი ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით?“ – ეს უკვე ბუნებრივი პასუხია. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს კანონები მივიღეთ, რადგან ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ოჯახის უფლებებს, ბავშვთა უფლებებს და ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომლებიც მარადიულია. აქედან გამომდინარე, ამის გარშემო სპეკულაციას, მგონი, წერტილი დაესვა იმ განცხადებით, რაც უკრაინის მიმართ იქნა გაჟღერებული. იგივე მოთხოვნა აუცილებლად დადგებოდა და, შესაძლოა, მომავალშიც დადგეს საქართველოს მიმართ. მათ ჩვენთან შანტაჟის პოლიტიკისთვის გამოიყენეს ოჯახური ფასეულობის კანონის გაუქმების მოთხოვნა. ფაქტობრივად, ეს მოთხოვნა დამდგარია საქართველოს მიმართაც. რომ არ ჰქონდეთ ლგბტ თემის, ქორწინების, გამრუდებული ოჯახების შექმნის მიზანი, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ადამიანის ფუნდამენტური უფლების და ოჯახის კანონის დაცვის წინააღმდეგ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, შვედეთის პრემიერმა, ულფ კრისტენსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილებს არ შეუძლიათ ქორწინება და LGBTQI თემის სრული სამართლებრივი დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის.