ირაკლი ქადაგიშვილი – „ლელომ“ და გახარიას პარტიამ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ნაკლები შედეგი მიიღეს და ამას აღიარებენ, გაყალბებასა და აბსურდებზე არ საუბრობენ, დღეს გარედან სხვა მითითება აქვთ

14:32, 08.10.2025

„ლელოსა“ და გახარიას პარტიის მიერ არჩევნების აღიარებაში ლოგიკა ერთია – მათ პოლიტიკური ლოგიკის ნაკლებობა აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიციური პარტიების მიმართ გარედან იყო მითითება, რომ პარლამენტში არ შესულიყვნენ და ლეგიტიმაცია არ მომხდარიყო.

„დღეს მიხვდნენ და გარედან აქვთ სხვა მითითება, რომ ამ მიმართულებით სვლას თუ გააგრძელებენ, აღმოჩნდებიან იქ, სადაც 4 ოქტომბრის მესვეურები არიან. ამიტომ, მათ ეს პოზიცია – გარედან კარნახით, თუ თავიანთი გადაწყვეტილებით – შეცვალეს. ფაქტია, რომ ორჯერ ნაკლები შედეგი მიიღეს და ამას აღიარებენ. „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის იგივე შედეგი გაიმეორა და გაყალბებასა და აბსურდებზე არ საუბრობენ, რაზეც მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში ისაუბრეს. თავიანთი თავი ხომ ჩამოაქციეს და დააზიანეს, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს რამდენი ზიანი მიაყენეს? ქართველ ხალხს აცხოვრებენ შანტაჟის ქვეშ, რომ გაგიუქმებთ ამას, გაგიუქმებთ იმას. ეს დამთავრდა. ამ მავნე პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში გასაქანი და საფუძველი აღარ აქვს. იმედია, ევროპის გარკვეული წრეები მიხვდებიან და გაიაზრებენ, რომ დროა, საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი