ირაკლი ქადაგიშვილი - კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით დამოკიდებულება ძირფესვიანად შეცვლილია, პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გაქცევა იქნებოდა, თუ საკითხები მზის გულზე არ გამოვიდოდა
ირაკლი ქადაგიშვილი - კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით დამოკიდებულება ძირფესვიანად შეცვლილია, პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გაქცევა იქნებოდა, თუ საკითხები მზის გულზე არ გამოვიდოდა

კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ქვეყანაში დამოკიდებულება ძირფესვიანად შეცვლილია. იცვლება კორუფციასთან ბრძოლის მასშტაბიც, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე დაუსვეს კითხვა.

„ბრალი საკმაოდ მძიმეა. ყველაფერს პასუხს გასცემს გამოძიება და სასამართლო პროცესი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ქვეყანაში დამოკიდებულება ძირფესვიანად შეცვლილია. იცვლება კორუფციასთან ბრძოლის მასშტაბიც და ალბათ, ეს არის ახალი ეპოქა კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობის. ეს მხოლოდ ერთი ადამიანის სისხლისამართლებრივი დევნის საკითხი არ არის, არამედ კომპლექსური საკითხია, რომელიც ბევრი მიმართულებით გამოიხატება. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, რასაც არავინ გაურბის. პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გაქცევა იქნებოდა, თუ საკითხები მზის გულზე არ გამოვიდოდა. მიზანი გაცილებით დიდია, ვიდრე ამ გამოწვევების და პრობლემების მიჩქმალვა. ამ ღონისძიებების მასშტაბი იმდენად ფართოა, რომ მიანიშნებს არა რაღაც კამპანიურობაზე, არამედ იმაზე, რომ საქართველოში პრინციპულად სხვა მიდგომა იქნება კორუფციულ საკითხებზე. რევოლუციური ცვლილება ისევ ამ გუნდის პასუხისმგებლობა იქნება, რომელიც მომავალში განაპირობებს საქართველოს, როგორც კორუფციისგან ნაკლებად მოწყვლადი ქვეყნის ბედს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.