ირაკლი ქადაგიშვილი - ხელისუფლებაში მოსვლისას „ქართულ ოცნებას“ შურისძიების მოტივაცია არ ამოძრავებდა, გავითვალისწინეთ კოჰაბიტაციაზე მოთხოვნა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები არ შეჩერებულა
„ქართული ოცნება“ როცა ხელისუფლებაში მოვიდა, მას შურისძიების მოტივაცია არ ამოძრავებდა. მაშინ ეს ბიძინა ივანიშვილმა ასეთი სიტყვებით გამოხატა: ჩვენ არ მოგეპყრობით ისე, როგორც იმსახურებთ და ისე მოვიქცევით, როგორც ამას ქართველი ხალხი იმსახურებს. ღირსეულად მოვიქეცით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ხელისუფლებამ გაითვალისწინა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მოთხოვნა კოჰაბიტაციასთან დაკავშირებით, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები არ შეჩერებულა.
„რა თქმა უნდა, იყო რიგი საერთაშორისო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან მოთხოვნა, რომ კოჰაბიტაცია ყოფილიყო და ქვეყანა ერთი ხელისუფლებიდან მეორე ხელისუფლებაზე მშვიდობიანად გადასულიყო. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ, მაგრამ არ შეჩერებულა „ნაციონალური მოძრაობის“ ის ქმედებები, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ხელის შეშლას, რადიკალიზაციას, დაპირისპირებას და 2008 წლის შემდეგ ისეთი ნაბიჯების გადადგმას ნიშნავდა, რომელიც საქართველოს ისევ შეიყვანდა რუსეთთან კონფრონტაციაში. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგი ლიდერები სასამართლოს წინაშე წარდგნენ – ეს პროცესი არასდროს შეჩერებულა. ვიდრე სამართალი არ აღდგება, ეს პროცესი გაგრძელდება. პოლიტიკური პირების გარდა, კონკრეტული მოქალაქეები არიან, რომლებიც სამართლის აღდგენას კვლავაც ითხოვენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.