ირაკლი ქადაგიშვილი - კარგი იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება
ირაკლი ქადაგიშვილი - კარგი იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და ქვეყანას ინსტიტუციონალურ განვითარებაში, უბრალოდ როდესაც ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ბუნებისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მისი დახმარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„კარგი იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება. ნამდვილად მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს და კარგი იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციათა წრეში, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ექნებათ საშუალება, საერთაშორისო გრანტები მოიპოვონ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და ქვეყანას ინსტიტუციონალურ განვითარებაში. ამაზე ორი აზრი არ გამაჩნია, უბრალოდ, როცა ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ბუნებისთვის მიუღებელია. ზოგადად, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მისი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.