ირაკლი ქადაგიშვილი - კარგად უნდა გავაცნობიეროთ, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ, რომ პირველ რიგში რუსეთის აგრესიული მოქმედებები შეჩერდეს
ირაკლი ქადაგიშვილი - კარგად უნდა გავაცნობიეროთ, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ, რომ პირველ რიგში რუსეთის აგრესიული მოქმედებები შეჩერდეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ შექმნილ მდგომარეობაში მყისიერი გამოსავალი არც უკრაინასთან და არც საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს.

„კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ამერიკა-ევროკავშირთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, რუსეთის აგრესიული მოქმედებები შეჩერდეს, დროში ისეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც საშუალებას მოგვცემს, აგრესია დასრულდეს. რაიმე მყისიერი ნაბიჯი ან ფორმულა, რაც შეცვლის თავიდან ბოლომდე ვითარებას შეცვლის არ არსებობს და ეს გუშინდელმა სამიტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ევროკომისიამ რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უფრო სისტემურად უნდა უპასუხოს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს და დაიცვას დემოკრატიული ფასეულობები. ამ კონტექსტში დოკუმენტში ნახსენებია საქართველოც.

დოკუმენტის თანახმად, „ევროკავშირი ასევე აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მთავრობის მცდელობებისადმი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“.

სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავაც შეეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს და ხმას აიმაღლებს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საუბარს რუსეთის მხრიდან უკრაინასა და საქართველოში საერთაშორისო კანონმდებლობის სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის თანამოაზრე პარტნიორებთან ინიციატივების გზით.