ირაკლი ქადაგიშვილი - კალაძის განცხადება მიმართულია სწორედ კუბილიუსის განცხადების მსგავსი შანტაჟისკენ, საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში ღირსეულ პარტნიორად და არა შანტაჟის ქვეშ
ირაკლი ქადაგიშვილი - კალაძის განცხადება მიმართულია სწორედ კუბილიუსის განცხადების მსგავსი შანტაჟისკენ, საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში ღირსეულ პარტნიორად და არა შანტაჟის ქვეშ

საქართველო, როგორც ღირსეული პარტნიორი, ისე უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში და არა როგორც შანტაჟის ქვეშ მყოფი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „მოამბეში“ განაცხადა.

წამყვანმა ქადაგიშვილს შეკითხვა დაუსვა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც კალაძე ამბობს, რომ „საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ და არ მოგვცემენ სტატუსს, თავისთვის დაიტოვონ“.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ქვეყანა, რომელიც მუდმივი შანტაჟის ქვეშ იქნება, ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი.

„ეს განცხადება მიმართულია სწორედ იქითკენ, კუბილიუსის განცხადების მსგავსი პოლიტიკური შანტაჟისკენ. არ შეიძლება, ქვეყანას აშანტაჟებდე. ასეთი ევროკავშირი ხომ არ უნდა საქართველოს. საქართველოს უნდა ევროპული ფასეულობების მატარებელი ევროკავშირი და არა ის, ჩემი პოლიტიკური, მერკანტილური პროგრამა და პროექტი თუ არ განხორციელდება, მე შენ დაგაშანტაჟებ და რაღაცას დაგმართებ. უბრალოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება, ამას და ევროკავშირის ფასეულობას შორის, რომელიც, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვიცით, იყოს დასმული ტოლობის ნიშანი.

ვიღაც თუ თვლის, რომ, კრებსითად, კუბილისეული მიდგომა საქართველოს მიმართ არის ამოსავალი წერტილი, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და საქართველომ დროზე უნდა უთხრას, რომ საქართველო, როგორც ღირსეული პარტნიორი, ისე უნდა გაწევრიანდეს და არა როგორც შანტაჟის ქვეშ მყოფი, მუდმივი, გაურკვეველი პროექტების ადგილი და ასეთი შანტაჟის ქვეშ მოხდეს მისი კანდიდატის წოდების მიღება.

ასეთი ქვეყანა ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, თუ ის მუდმივი შანტაჟის ქვეშ იქნება. ასეთი იყო ევროკავშირი, ასეთი არის და ასეთად წამომიდგენია. ასეთი მინდა საქართველო ევროკავშირში და არა მუდმივი შანტაჟის ქვეშ მყოფი, იმ ფალსიფიკაციების ქვეშ, რასაც ჩვენ მიხეილ სააკაშვილის გარშემო ვუყურებთ, რასაც ჩვენ შანტაჟს ვუყურებთ იმავე ბიძინა ივანიშვილის გარშემო და ამ ორი თემის ასეთი დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.