ირაკლი ქადაგიშვილი - ISFED-ის ქმედება მიმართულია სიყალბის შემოტანისკენ, პროკურატურას მონაცემებს ჯერ არ გადასცემენ და ჩნება ეჭვი, რომ არსებულ მონაცემებში გარკვეული ფალსიფიკაციის მოხდენას ცდილობენ
ISFED-ის ქმედება ყოველთვის მიმართულია იქითკენ, რომ გარკვეული სიყალბე შემოიტანონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, პროკურატურას არ გადასცემენ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და მიღებული დასკვნების ამსახველ დოკუმენტაციას, რაც აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება, არსებულ მონაცემებში გარკვეული ფალსიფიკაციის მოხდენას ცდილობენ.
„ISFED-ს ამ მონაცემების წარდგენა ხუთი დღის წინ სთხოვეს და ეს დოკუმენტი ჯერ არ გადაუცემიათ. რა თქმა უნდა, ამ დროს გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ შეიძლება, არსებულ მონაცემებში გარკვეული ფალსიფიკაციის მოხდენას ცდილობენ. მიზანი და ინტერესი ერთია, რაც 2020 წელს იყო – მათ მექანიკურად და შეგნებულად ფალსიფიკაცია მოახდინეს ციფრების, რათა ამის საფუძველზე საპროტესტო მუხტი აეწიათ და ეთქვათ, რომ არჩევნები გაყალბდა. 2024 წელს არჩევნებზეც, როცა თქვეს, რომ ცესკო-ს და მათი მონაცემები დაემთხვა, თუმცა შემდეგ მონაცემები უბნების მიხედვით აღარ გამოაქვეყნეს, რადგან ეს გაყალბების თაობაზე ნებისმიერ სპეკულაციას დაამთავრდებდა და აქედან გამომდინარე, მათ ინტერესებში ასეთი სპეკულაციის აღკვეთა არ შედიოდა და ეს მონაცემები ამიტომ არ გამოაქვეყნეს.
ლოგიკური კითხვა ისმება, ეს ხომ ბაზაშია ჩატვირთული და ახლა არ არის დასაწერი, შესაბამისად, პროკურატურისთვის მის გადაცემას მცირე დრო სჭირდება, მაგრამ ამას ობიექტური სახით არ გადასცემენ, რათა ეს სიყალბე, რაც ქართული არჩევნების გარშემო მუდმივად იკერება ხოლმე, არ გამოაშკარავდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ISFED-ში განაცხადეს, რომ პროკურატურისგან მიიღეს წერილი, რომლითაც სთხოვენ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და მიღებული დასკვნების ამსახველი დოკუმენტაციის გაგზავნას. „სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, ორგანიზაცია გააგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას.