ირაკლი ქადაგიშვილი - გამართლებული არ არის არგუმენტი, რომ ოდესღაც ვიღაც სადღაც მუშაობდა, თავის დროზე სალომე ზურაბიშვილიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წევრი იყო
ირაკლი ქადაგიშვილი - გამართლებული არ არის არგუმენტი, რომ ოდესღაც ვიღაც სადღაც მუშაობდა, თავის დროზე სალომე ზურაბიშვილიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წევრი იყო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს.

„პრეზიდენტი საკუთარი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. პრეზიდენტის მხრიდან გამართლებული არ არის იმის არგუმენტად მოყვანა, რომ ოდესღაც ვიღაც სადღაც მუშაობდა ან ოდესღაც რომელიღაც პოლიტიკური პარტიის მომხრე იყო.

თავის დროზე პრეზიდენტიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წევრი იყო – ზოგი ოპოზიციაში ცოტა უფრო ადრე გადავიდა, ზოგი – უფრო გვიან, ზოგი ამ პარტიის მომხრე არასდროს იყო და თავიდანვე იცოდა, რას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი. თუ ვინმე „ქართუში“ მუშაობდა, ამის წამოყვედრება მეორე გაურკვევლობაა. როგორც არ უნდა მოგწონდეს ის ადამიანები, ვინც, ფაქტობრივად, ყველაზე მეტად იყვნენ შენი მომხრეები და ყველაფერი გააკეთეს, რათა სააკაშვილის რეჟიმი უკან არ მოტრიალებულიყო და ზურაბიშვილი პრეზიდენტი გამხდარიყო, მათდამი ასეთი დამოკიდებულებაც კორექტული არ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილს, თუმცა პრეზიდენტმა კონტექსტი უნდა გაითვალისწინოს.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ზურაბიშვილს ხელისუფლება არაფერს სთხოვს, არამედ მას ხალხმა სთხოვა, თქვას, არის თუ არა ძალაში შეწყალების თაობაზე სააკაშვილის მიმართ ნათქვამი სიტყვები.

„მეორე მხრივ, პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ გასათვალისწინებელია კონტექსტი. საუბარია არა რიგით საკითხზე, არამედ იმაზე, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა შეწყალებას იმ გაგებით არ ითხოვს, რა გაგებითაც საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუ რა არის შეწყალება. ისინი საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე მძიმე კამპანიას აწარმოებენ, რაც კი ოდესმე ვინმეს უწარმოებია – ამბობენ, რომ საქართველოს სახელმწიფო წამლავს და აწამებს ადამიანს. დღევანდელ სამყაროში ამაზე მძიმე ბრალდება არ არსებობს. იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ და რამენაირად სააკაშვილი გამოიხსნან, ასეთ დაუსაბუთებელ, მთლიანად ტყუილზე აგებულ ბრალდებას არ ერიდებიან. პრეზიდენტმა ეს კონტექსტიც უნდა გაითვალისწინოს და გაითვალისწინოს ისიც, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით სხვა საქმეებზე გამოძიება და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

როგორც კი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, მის წინააღმდეგ წარმოუდგენელი ბულინგი დაიწყო და ტელევიზიის საშუალებით უშვერი სიტყვებით აგინეს. ისეთი მომაკვდინებელი ცოდვები მიაკერეს, რომ ალბათ ეს სისხლის სამართლის საქმეც კი იყო. ეს იყო რეალური ბულინგი. ვინც გუშინ მასთან მივიდა, მათ არ უნდათ, ეს ბულინგი რეალურ ქმედებაში გადაიზარდოს, რაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ოჯახებს სააკაშვილის რეჟიმი საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლება არაფერს სთხოვს, მას ამ ხალხმა სთხოვა, თქვას, მის მიერ ნათქვამი სიტყვები არის თუ არა ძალაში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.