ირაკლი ქადაგიშვილი - გახარიას გაცხადებული პოზიცია არ არის ის მიზეზი, რის გამოც შეიძლება, პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებდეს
ირაკლი ქადაგიშვილი - გახარიას გაცხადებული პოზიცია არ არის ის მიზეზი, რის გამოც შეიძლება, პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებდეს

მიზეზი, რის გამოც გახარიამ დატოვა თანამდებობა არ მიმაჩნია თანაწონად მიზეზად იმ პოზიციისა, რა პოზიციაც პრემიერს ეკავა და რაც მან გააჟღერა, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელი იყო ხანგრძლივი დისკუსია. ამასთან, ქადაგიშვილის აზრით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება კანონზე დაყრდნობით მიიღო.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, სასამართლო ხელისუფლებას კანონის აღსრულების აუცილებლობას ავალდებულებს.

„მართლაც მოულოდნელი იყო და მიზეზი, რის გამოც დატოვა თანამდებობა, არ მიმაჩნია თანაწონად მიზეზად იმ პოზიციის, რა პოზიციაც პრემიერს ეკავა და რაც მან გააჟღერა მიზეზად. ანუ აღსრულების დროზე და მექანიზმზე იყო ლაპარაკი. ვფიქრობ, ისეთი ტექნიკური ხასიათის საკითხებია, რომლებზეც ალბათ შეიძლებოდა ხანგრძილი დისკუსია. ვფიქრობ, ეს არ არის თემა, რის გამოც პრემიერ-მინისტრი შეიძლება თანამდებობას ტოვებდეს. ოპოზიციას ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა, ბევრი განცხადება ექნება, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ის, რა გადაწყვეტილებებიც მიიღო სასამართლომ, მიიღო აბსოლუტურად კანონზე დაყრდნობით. გამომდინარე აქედან, კანონის აღსრულებაც არის ის აუცილებლობა, რასაც სასამართლო ავალდებულებს ხელისუფლებას. როგორ მოახერხებს ხელისუფლება ამას, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული და ნაკარნახევი, ისე რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეს, ეს უკვე ხელისუფლებისა და შესაბამისი ინსტიტუციების შესასრულებელი საკითხი იყო.

აქედან გამომდინარე, გახარიას ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტი იყო, იქნებოდა თუ არა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვიმეორებ, მაინც მიმაჩნია ეს გარკვეულწილად არ იყო თანაწონადი იმ პოზიციის, რა პოზიციაზეც გახარია იყო პრემიერ-მინისტრობის დროს. როცა გუნდი იხილავდა უფლებამოსილების შეჩერების საკითხს, მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსოლიდირებული და ერთიანი პოზიცია იყო. პრემიერ-მინისტრის აზრი იყო ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, რა მოხდა ბოლო საღამოს, მე საქმის კურსში არ ვარ და ეს გადაწყვეტილება გავიგე, როგორც ყველამ. იქნენა ახლა პოლიტსაბჭო, სადაც ბევრ საკითხზე იქნება საუბარი, მათ შორის მომავალ კანდიდატზეც. მაინც ვფიქრობ, გუნდის შიგნით იქნება პიროვნების ძიება. კონკრეტულად ვინ იქნება, ამაზე დღეს არ ვარ მზად, რომ გიპასუხოთ. ამასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.