ირაკლი ქადაგიშვილი - ევროპისთვის გამჭირვალობა ყველაზე მიუღებელი საქართველოს შემთხვევაში იმიტომ გახდა, რომ საქართველოში ამ გაუმჭვირვალე ფულით რევოლუცია დაფინანსდა
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროპისთვის გამჭირვალობა ყველაზე მიუღებელი საქართველოს შემთხვევაში იმიტომ გახდა, რომ საქართველოში ამ გაუმჭვირვალე ფულით რევოლუცია დაფინანსდა

მსოფლიოში არცერთი სახელმწიფო კონტროლისა და გამჭვირვალობის გარეშე გარე დაფინანსებას არ ტოვებს. ევროპისთვის გამჭირვალობა ყველაზე მიუღებელი საქართველოს შემთხვევაში რატომ გახდა? იმიტომ, რომ საქართველოში ამ გაუმჭვირვალე ფულით რევოლუცია დაფინანსდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა ევროსაბჭოს კონგრესში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

ქადაგიშვილის თქმით, სწორედ ის პოლარიზაცია დაფინანსდა, რომელზეც თითქოს ყველაზე მეტად სწუხან.

„ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ ამ აბრისა და სარეკლამო ბანერს უკან სხვა გეგმები აქვთ, რის გამოც გამჭვირვალობა არ სურთ. ლგბტ საკითხებს რაც შეეხება, 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, სადაც ყველანაირი გარანტია არსებობს ადამიანის უფლებების დასაცავად, მათ შორის განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანებისთვისაც. ეს უფლება გარანტირებულია, მაგრამ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, იმ პოზიციაზე ვდგავართ, რაც კონსტიტუციაშია ასახული, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა. აქედან გამომდინარე, საოჯახო ურთიერთობა და ამასთან დაკავშირებული საკითხები სწორედ კონსტიტუციური ჩანაწერით რეგულირდება. მსოფლიოში გენდერული მრავალფეროვნების რევიზია მიმდინარეობს. ამერიკამ პირდაპირ თქვა, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს – ქალისა და მამაკაცის. დანარჩენი, ყველას პიროვნული საქმეა, რა ცხოვრებით იცხოვრებს. ბუნებაში ორი სქესი არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.