ირაკლი ქადაგიშვილი - ევროპარლამენტის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს, მორიგი რეზოლუცია იქნება ანტიდემოკრატიული და ანტიქართული
ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია იქნება ანტიდემოკრატიული და ანტიქართული, რომელსაც საქართველოსთან არანაირი პოზიტიური კავშირი არ ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტს ბევრი ისეთი რეზოლუცია მიუღია, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.
„ევროპარლამენტის მიერ მიღებული ბევრი რეზოლუცია გვინახავს, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. რომელი ერთი გითხრათ, სააკაშვილის „წამებიდან“ დაწყებული, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნით დასრულებული. ეს იმ ადამიანების კლასტერია, რომელთა მიზანია, საქართველო მაქსიმალურად იყოს დაზიანებული. დაზიანებული რატომ? – იმიტომ, რომ თავის დროზე საქართველომ არ გაითვალისწინა ის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირებაში შესული სახელმწიფო ყოფილიყო. ეს მათ ინტერესებში იყო, საქართველოს ინტერესებში არ ყოფილა. შემდეგ არჩევნებში უხეში ჩარევის მცდელობა ჰქონდათ და ლელო ვერ გაიტანეს. შემდეგ გადატრიალების მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ აქაც ვერ გადატრიალდნენ. აქედან გამომდინარე, საქართველოს წინააღმდეგ შურისძიებას აგრძელებენ და ნებისმიერ საბაბს, იარაღს იყენებენ, მათ შორის იმას, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ არსებობდეს. სწორედ აქეთკენ ილტვიან. ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია იქნება ანტიდემოკრატიული და ანტიქართული, რომელსაც საქართველოსთან არანაირი პოზიტიური კავშირი არ ექნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.