ირაკლი ქადაგიშვილი - ჟან მონეს დიალოგის ფორმატში თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა იმ წესის მიხედვით, რაც დამახასიათებელია ამ ფორმატისთვის
ირაკლი ქადაგიშვილი - ჟან მონეს დიალოგის ფორმატში თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა იმ წესის მიხედვით, რაც დამახასიათებელია ამ ფორმატისთვის

ჩვენ ევროპარლამენტარებთან ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ და ამ ფორმატშიც გაგრძელდება თანამშრომლობა, თუმცა იმ წესის მიხედვით, რა წესიც არის ამ ფორმატისთვის დამახასიათებელი და მიღებული ევროპარლამენტსა და ეროვნულ პარლამენტებს შორის ურთიერთობის, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტის ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორების გუშინდელ განცხადებას.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ჟან მონეს დიალოგის ფორმატი პირველ რიგში თანხმდება ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ეროვნული პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„როგორც მოგეხსენებათ, ახლად არჩეულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და კიდევ უფრო ახლად დაახლოებით ხუთი დღის წინ იქნა არჩეული ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი, გამომდინარე აქედან, ეს დიალოგი უნდა დაიწყოს და ამ დიალოგის ფორმატი უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს შორის. ეს არის ამ დიალოგის ფორმატი, ეს არის ამ დიალოგის წარმოების ჩარჩო, გარკვეულ კონფიდენციალურობასაც გულისხმობს ეს იმ დონეზე, ვიდრე მოხდება ამ ჩარჩოს და დიალოგის ძირითადი ფორმატების და მინართულებების შეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარეებს შორი, ამავდროულად ხდება შესაბამისი დღის წესრიგის და დელეგაციების შეთანხმება.

ეს ჩარჩო ფორმატი, რომელიც ემსახურება არა პოლარიზაციის გაღრმავებას, რა სურათიც რეალურად ქართულ სინამდვილეში გადმოთარგმნილი მივიღეთ, არამედ ემსახურება სწორედ პოლარიზაციის შემცირებას და პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის დაწყებას, დიალოგისა და თანამშრომლობის რეჟიმის უზრუნველყოფას. როდესაც ორი დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მე ახლა ჩამოვდივარ, რაღაცა ფორმატს ვიწყებ და ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმში და სულ სხვა დონეზე უნდა შეთანხმდეს,  ამ შემთხვევაში არ არის კორექტული დამოკიდებულება არც საქართველოს პარლამენტის მიმართ. ჩვენ ევროპარლამენტარებთან ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ და ამ ფორმატშიც გაგრძელდება თანამშრომლობა, თუმცა იმ წესის მიხედვით, რა წესიც არის ამ ფორმატისთვის დამახასიათებელი და მიღებული ევროპარლამენტსა და ეროვნულ პარლამენტებს შორის ურთიერთობის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დატოვე კომენტარი