ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე შესაძლო გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ახალ პოლიტიკურ ვითარებაზე
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე შესაძლო გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ახალ პოლიტიკურ ვითარებაზე

გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეიძლება, იყოს მიღებული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმ ახალ პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც შეიქმნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველოს რეალური ინდიკატორებით თუ გავზომავთ და არა შიდა პოლიტიკური დისკუსიებით, ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ასოცირებულ ტრიოში რეფორმების გატარების თვალსაზრისით.

„ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა ყველაზე უფრო მაღალი თავსებადობით გამოირჩევა როგორც ევროკავშირთან მიმართებაში, ასევე ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, გადწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეიძლება, იყოს მიღებული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმ ახალ პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც შეიქმნა. ახალი პოლიტიკური ვითარება გამოყენებული უნდა იყოს არა მხოლოდ საქართველოს მხრიდან, არამედ ევროკავშირის მხრიდანაც, რომ ეს ახალი შესაძლებლობა და ახალი სტიმული, ახალი მოქმედების რუკა და გეგმა იმ სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ, რომელიც დიდი ხანია, მათ აქვთ დეკლარირებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთება ისედაც იყო დაგეგმილი, მაგრამ ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შექმნილმა ვითარებამ პოლიტიკური და ისტორიული დროის ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა.

„რომელიმე ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა ძალიან მოკლე პერიოდში ევროკავშირის წევრი გახდება. ორ მაგალითს მოგიყვანთ – როცა ლიტვამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ევროკავშირის წევრი ათი წლის შემდეგ გახდა. თურქეთი, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყანაა, 30 წელზე მეტია, კანდიდატის სტატუსით დადის და მას პერსპექტივა არ უჩანს. ეს ყველაფერი არის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მსოფლიოსა და ევროპაში დახურული იყო და ომის პირობებმა, ასევე გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გააჩინა. ფაქტობრივად, ეს არის უფრო დაკონკრეტებული სამოქმედო გეგმა ქვეყნის მიერ შესასრულებელი ვალდებულებებით. ეს არ იქნება მოკლე და მარტივი გზა, მაგრამ არის ახალი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირისკენ მომავალ გზაზე ჩვენი მოქმედება უფრო კონკრეტული და ქმედითი იყოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება, პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.