ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც არასამთავრობო სექტორს ფინანსურ თუ საგრანტო პოლიტიკას გამჭვირვალეობის მოთხოვნას არ უყენებს
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც არასამთავრობო სექტორს ფინანსურ თუ საგრანტო პოლიტიკას გამჭვირვალეობის მოთხოვნას არ უყენებს

საქართველო მაღალი გამჭვირვალეობის ხარისხს აჩვენებს და საზოგადოება ელემენტარულს ითხოვს – სამოქალაქო სექტორი იყოს გამჭვირვალე, მათი გრანტები უნდა იყოს გამჭვირვალე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, გამჭვირვალობის კანონპროექტი ყველაზე რბილია, რაც კი მიიღეს ევროკავშირის სახელმწიფოებმა.

„საქართველოს არც თავისი დამოუკიდებლობა, არც თავისი ევროპული მისწარაფება და არც კანდიდატის სტატუსი არსად მიუღია, ეს არის ჩვენი ბრძოლის, შრომისა და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. ლგბტ პროპაგანდაზე მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ ანტიდისკრიმინაციულ პროპაგანდაზე კანონმდებლობა მიიღო. ერთია ყველაზე მოწყვლადი ადამიანების უფლებების დაცვა და მეორეა ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან საზოგადოების დაცვა. ეს ის პრობლემაა, რაც კაცობრიობას დღეს უდგას.

მკაფიოდ ვმიჯნავთ, რა არის ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი და ამავე დროს საზოგადოების დიდი ნაწილის უფლებების დაცვა, რათა ლგბტ პროპაგანდა მათი თანდევი პრობლემა არ იყოს. ეს არ არის ანტიევროპულობა, ეს არის ჯანსაღი პოზიცია. როცა მკაფიო პოზიცია არ აქვთ, კლიშეს იყენებენ და ეს არის რუსული, რასაც განუწყვეტლივ იმეორებენ. ამის უკან არცერთი არგუმენტი არ აქვთ.

საქართველო მაღალი გამჭვირვალეობის ხარისხს აჩვენებს და საზოგადოება ელემენტარულს ითხოვს – სამოქალაქო სექტორი იყოს გამჭვირვალე, მათი გრანტები უნდა იყოს გამჭვირვალე. ეს არის ყველაზე რბილი კანონი, რაც კი ევროკავშირის სახელმწიფოებმა მიიღეს. ევროკავშირში არცერთი ქვეყანა არ არსებობს, რომელიც არასამთავრობო სექტორს ფინანსური თუ საგრანტო პოლიტიკის გამჭვირვალეობის მოთხოვნას არ უყენებს. მესმის, რატომ სპეკულირებენ. ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, დონორების ფული არაკანონიერი მიმართულებით გამოიყენება, მათ შორის, იმ მიზნებისთვის, რაც საზოგადოების საუკეთესო მიზანი არ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.