ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირის ქვეყანა რომ ვაჭრობას ამცირებს რუსეთთან, დიდ ფინანსურ კომპენსაციას აძლევენ, ჩვენ ვინმე გვპირდება, რომ კომპენსაციას გაგვიკეთებს, თუ ეკონომიკური ემბარგოს ქვეშ მოვექცევით?
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირის ქვეყანა რომ ვაჭრობას ამცირებს რუსეთთან, დიდ ფინანსურ კომპენსაციას აძლევენ, ჩვენ ვინმე გვპირდება, რომ კომპენსაციას გაგვიკეთებს, თუ ეკონომიკური ემბარგოს ქვეშ მოვექცევით?

პარტნიორებმა უნდა დაინახონ და რეალურად შეაფასონ საქართველოს მდგომარეობა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს, სადაც ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზისთვის შეუსაბამოა.

„ევროკავშირის ქვეყანა რომ ვაჭრობას ამცირებს რუსეთთან – და კიდევ საკითხავია, ვინ რამდენით შეამცირა და ვინ რამდენით გაზარდა – იმათ ამისთვის დიდ ფინანსურ კომპენსაციას აძლევენ. ყველა ფიქრობს საკუთარ ეკონომიკაზე. როცა დაინახეს, რომ უკრაინული ხორბალი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები საკუთარ ფერმერს პრობლემას უქმნიდა, პოლონეთმაც, უნგრეთმაც, სლოვაკეთმაც, ბულგარეთმაც და რუმინეთმაც შეწყვიტეს შესყიდვა და, ხშირ შემთხვევაში, ტრანზიტით გატარებაც კი. ჩვენ ვინმე გვპირდება, რომ რამდენიმე მილიარდიან კომპენსაციას გაგვიკეთებს, თუ ეკონომიკური ემბარგოს ქვეშ მოვექცევით? ჩვენ ვინმე გვპირდება, რომ თუ რუსეთი სამხედრო პროვოკაციას მოაწყობს, აქ რამე დაცვითი მექანიზმები გვექნება? ჩვენ ამ დაპირებას არავინ არ გვაძლევს. საქართველოს წინაშე არცერთ ალიანსს და არცერთ კონკრეტულ სახელმწიფოს არ აქვს აღებული არანაირი ვალდებულება და არა – სატელევიზიო განცხადება. ამიტომ ჩვენ ვართ იმ პასუხისმგებლობის წინაშე, რომ რუსეთის ფედერაციისგან არ მივიღოთ ისეთი დარტყმები, რომლებიც ეკონომიკური უსაფრთხოების, პოლიტიკური თუ სხვა სახით იქნება საქართველოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, თუ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოსთან მიმართებაში პატიოსნები არიან და მათ თუ სურთ, საქართველო ნამდვილად ევროკავშირის გზაზე მდგომი იხილონ, მაშინ ამ ყველაფერს ანგარიში უნდა გაუწიონ.

„მათ კარგად იციან, რომ ამ ვითარებაში საქართველომ ერთხელაც არ გამოიყენა თავისი ტრანზიტული მდგომარეობა რუსეთში არასანქცირებული ტვირთის შესატანად და ა.შ. ამიტომ ამ ყველაფერს გაგებით დამოკიდებულება სჭირდება. ეს ერთი ბეწო ქვეყანა, ასეთი საფრთხეების წინაშე მყოფი, არავისგან კონკრეტული ვალდებულებით, არაფრით რომ არ არის დაცული და ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, არ გვინდა, ესკალაციას მივაღწიოთ, ისეთ მდგომარეობას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება და რომელიც ევროპულ პერსპექტივაზე საერთოდ ლაპარაკსაც კი გააჩერებს. ისინი ამბობენ, თუ სანქცირებული ფრენები იქნებაო. იციან კარგად, რომ სანქცირებული ფრენები არ იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო უერთდება საერთაშორისო დონეზე დაწესებულ ყველა სანქციას და ქვეყანა არასდროს არ გახდება ამ სანქციების თავის არიდების ადგილი.

„მიუხედავად ოპოზიციის ორწლიანი დიდი მცდელობისა, რაც, ფაქტობრივად, ეს ომი მიმდინარეობს, რომ საქართველოს ყოველკვირეულად ადანაშაულებენ ამაში, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საქართველო მკაფიოდ დგას ამ საერთაშორისო შეთანხმების გვერდით, მაგრამ ჩვენ რუსეთს ვერ დავუწესებთ ორმხრივ სანქციას. ოპოზიცია ხომ ამბობს, რომ პუტინის ეს გადაწყვეტილება არის პროვოკაციული და გავყვეთ ამ ლოგიკას. თუ ჩვენ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ რა არის საქართველოს ამოცანა, რომ პროვოკაციას არ აჰყვეს, ხომ?! ჰუმანიზმზე არ ვლაპარაკობ, პრაგმატულ პოლიტიკაზე ვსაუბრობ, რასაც თვითონ იძახიან, რომ გადაწყვეტილება არის პროვოკაციული, ვეთანხმები და გავყვეთ ამ ლოგიკას. მათი ლოგიკით, იმათ სანქცია მოხსნეს, მაგრამ ჩვენ აქედან უნდა დავაწესოთ სანქცია და თუ რუსეთს ეს პროვოკაციისთვის უნდა, საქართველოს მხრიდან ამ სანქციის დაწესება ნიშნავს, რომ მას ხელ-ფეხი ეხსნება, რომ საქართველოს სხვა სანქციები დაუწესოს. ჩვენი მხრიდან რუსეთის რამე დასანქცირება რუსეთზე 0,001%-იან ზეგავლენას იქონიებს, ხოლო რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების და პოლიტიკური თუ სხვა სახის ზიანის მოყენების ძალიან დიდი სია გააჩნია. მაშინვე საშუალებას აძლევ რუსეთს, რომ საბაბი დაიჭიროს ხელში და საქართველოს ძალიან ბევრი სანქცია დაუწესოს, როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე პოლიტიკური მიმართულებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას პასუხისმგებლობა არაფერზე არ აქვს და ზოგადი ფრაზებით საუბრობს.

„ამბობენ, მიგაჩნიათ, რომ პუტინი ჰუმანისტიაო? თვითონვე დაამკვიდრებენ ამ უაზრო ფრაზას ხოლმე და მერე ამ ფრაზის გარშემო, გინდა თუ არა, მიდის საუბარი, „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია თუ არ მიაჩნია პუტინი ჰუმანისტად. თვითონვე იგონებენ ამ რაღაც კლიშეებს და მერე ამ კლიშეებით უნდათ, შეტევა მოიტანონ საქართველოზე და „ქართულ ოცნებაზე““, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.