ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია
ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილის პოლიტიკა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, საქართველოსთან მიმართებით – ცალსახად და, ზოგადად, ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის დღევანდელ განცხადებაზე, რომ „წარვადგინეთ სანქციები მათ მიმართ, ვინც პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას იყენებს, ამ ეტაპზე ვერ შევძელით ორი ქვეყნის დარწმუნება, მაგრამ მცდელობას გავაგრძელებთ“.
„ევროკომისიის ერთ-ერთი ექსპერტის აღიარებითი განცხადება გახსოვთ, რომ დღეს ბრძოლის ველი საქართველოზე უნდა გადმოვიტანოთო? სწორედ ეს არის. ისინი ხედავენ, რომ საქართველო საერთაშორისო რადიკალური ლიბერალიზმის დღის წესრიგს არ ექვემდებარება და იმხელა დამოუკიდებლობის ხარისხი გამოიჩინა, რომ არ ჩაეწერა დიდ გეოპოლიტიკურ სურათში და სამხრეთიდან რუსეთს ცეცხლის რკალი არ გაუხსნა. მათ მიერ წარმოებული, ყოვლად არადემოკრატიული და საარჩევნო კამპანიაში უხეში ჩარევის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ის პოლიტიკური ძალა აირჩია, რომელსაც მან უპირატესობა მიანიჭა. ამიტომ, მათ მიერ ვერგანხორციელებული ანტიქართული მიზნებიდან გამომდინარე, დღეს შურისძიების რეჟიმში არიან გადასული, მაგრამ, მადლობა ღმერთს, არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც ამ შურისძიების განხორციელების საშუალებას არ აძლევენ. მათ განცხადებებს სხვა შინაარსი და ობიექტური საფუძველი არ აქვს.
როცა ამ შენობასა და პოლიციელებს წვავდნენ, ვერცერთმა ევროპელმა ლიდერმა ვერ გაბედა ეთქვა, რომ პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს. ეს ვერ გაბედეს, პირიქით, ყველამ მათი ენა ვიცით, როგორ ხდება წახალისება – მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, მიდით, უფრო მაგრად შეუტიეთ და ყიჟინა დასცხეთო. საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, მათი განცხადებები რას ნიშნავს, ამას ნიშნავს. როგორც კი უცხოეთიდან რომელიმე პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა გერმანიაში ან რუმინეთში მიმდინარე არჩევნების თაობაზე ან „ტვიტი“ დაიდო, ამბავი ატყდა, ეს არის სხვა ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევაო. ეს ორმაგი სტანდარტი იმდენად თვალში საცემია, რომ უკვე ამაზრზენ ფორმას იღებს და ეს სამწუხაროა. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილი ატარებს, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, საქართველოსთან მიმართებით – ცალსახად და, ზოგადად, ევროკავშირისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.