ირაკლი ქადაგიშვილი - ევროინტეგრაციის მიზნებს არ ვცლით, მაგრამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და საუკეთესო მიზნებისთვის გვაქვს პოზიციები, რომლებიც ზოგიერთი გლობალური მოთამაშის ინტერესებში არ შედის
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროინტეგრაციის მიზნებს არ ვცლით, მაგრამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და საუკეთესო მიზნებისთვის გვაქვს პოზიციები, რომლებიც ზოგიერთი გლობალური მოთამაშის ინტერესებში არ შედის

ევროინტეგრაციის მიზნებს არ ვცლით, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და საუკეთესო მიზნებისთვის გვაქვს პოზიციები, რომლებიც ზოგიერთი გლობალური მოთამაშის ინტერესებში არ შედის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს.

ქადაგიშვილის თქმით, გამჭვირვალობის კანონი რომც არ ყოფილიყო, საქართველოსთვის ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებები მაინც არ გაიხსნებოდა.

„ვინმე თუ საქართველოს არჩევნებში ჩარევას ცდილობს, ასეთი განცხადებების გამკეთებლები არიან. ამ განცხადებების მიზანია, რომ რამენაირად ოპოზიციის რეანიმირება მოახდინონ. გამჭვირვალეობის კანონი საბაბად არის მოყვანილი, რომელსაც ევროპაში „რუსული“ დაარქვეს. ეს კანონი რომც არ ყოფილიყო, საქართველოს მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა. მიუხედავად იმისა, რომ, ყველა კვლევის თანახმად, საქართველო წამყვანი სახელმწიფოა კანდიდატ ქვეყნებს შორის, მოლაპარაკებას არ გახსნიდნენ, რადგან ეს ნიშნავს ოპოზიციის შესაძლო მინიმალურ შედეგს არჩევნებზე. ამიტომ რაღაცნაირად ცდილობენ, არჩევნებზე ხელისუფლება დააზიანონ და ოპოზიციას შანსი გაუზარდონ.

რაც შეეხება დახმარებებს, ეს არის სესხი, რისი აღებაც ქვეყანას ყველგან შეუძლია. ამ მცირე ამოცანებს ქვეყნებს შორის ათწლეულებით ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეწირება. არჩევნების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, მაგრამ მაინც ხინჯი რჩება საზოგადოების აღქმაში. მსოფლიო პოლიტიკას ვარდისფერი სათვალით არ უნდა ვუყუროთ, ხშირად პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა რიგ საკითხებზე. ჩვენ ევროინტეგრაციის მიზნებს არ ვცვლით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და საუკეთესო მიზნებისთვის პოზიციები გაგვაჩნია, რაც ზოგიერთი გლობალური მოთამაშის ინტერესებში არ შედის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.