ირაკლი ქადაგიშვილი - ეუთო იქნება თუ სხვა ევროპული ინსტიტუტები, კეთილი ინებონ და ფარისევლობით გაჯერებული განცხადებების ნაცვლად, ვითარებას ობიექტურად შეხედონ
ირაკლი ქადაგიშვილი - ეუთო იქნება თუ სხვა ევროპული ინსტიტუტები, კეთილი ინებონ და ფარისევლობით გაჯერებული განცხადებების ნაცვლად, ვითარებას ობიექტურად შეხედონ

ეუთო იქნება თუ სხვა ევროპული ინსტიტუტები, კეთილი ინებონ და ფარისევლობით გაჯერებული განცხადებების ნაცვლად, ვითარებას ობიექტურად შეხედონ. განა იმიტომ, რომ ხელისუფლებას აღიარება ან რაიმე ამგვარი სჭირდება, უბრალოდ, მათი ფარისევლობა, რბილად რომ ვთქვათ, ქვეყანაში ექსტრემიზმის გასაძლიერებლად არის გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს  პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ექსტრემიზმის გაძლიერება ხელს უშლის დემოკრატიულ განვითარებას.

„მათი არაობიექტური, ბუნდოვანი და ფარისევლური შინაარსით გაჯერებული განცხადებები, დემოკრატიის ცნებას და საქართველოში ევროკავშირის იდეას აზიანებს. ამას თუ ​შეეშვებიან, ეს ყველაზე დიდი მხარდაჭერა იქნება დემოკრატიის და საქართველოს ევროპული კურსის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ეუთო/ოდირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში არჩევნების შემდგომ ძალადობრივი აქციების გამო და ამასთან, მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს.