ირაკლი ქადაგიშვილი - დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქცია არის ზეწოლა საქართველოს ინსტიტუციების სუვერენიტეტზე
ირაკლი ქადაგიშვილი - დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქცია არის ზეწოლა საქართველოს ინსტიტუციების სუვერენიტეტზე

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ქადაგიშვილს მიაჩნია, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქცია არის ზეწოლა საქართველოს ინსტიტუციების სუვერენიტეტზე.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დიდი ბრიტანეთის მხრიდან თანამდებობის პირების სანქცირება მოხდა, თუმცა არანაირი დასაბუთება და ფაქტი არ იყო მოყვანილი, რის საფუძველზე მოხდა სანქციების დაწესება.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური ვენდეტა იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხისთვის მათი პროექტი მისაღები არ აღმოჩნდა.

„სანქცია ასე არ წესდება, მით უმეტეს, გენერალური პროკურორის წინააღმდეგ. როცა გამოძიება მიმდინარეობს და საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს ასანქცირებ, ეს რა არის? ეს არის ზეწოლა ქვეყნის სუვერენიტეტზე. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ, ადამიანის უფლებებთან ერთად, რაც დასაცავია, ქვეყნის და მისი ინსტიტუტების სუვერენიტეტი დავიცვათ. ვინც ესა თუ ეს სამართლებრივი გადაცდომა ჩაიდინა, პოლიციელი იქნება, აქციის მონაწილე, ჟურნალისტი, მხედართმთავარი თუ არტისტი თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აგოს, როცა გამოძიებას უტყუარი მტკიცებულება ექნება ამა თუ იმ დანაშაულზე. ვისზეც სანქცია უკანონოდ გავრცელდა, რა თქმა უნდა, მათ გარკვეული დისკომფორტი აქვთ. კიდევ უფრო დიდი რამე არსებობს, ვიდრე სანქციაა. ეს არის სიმართლე, პატრიოტიზმი და ქვეყანა. რა ინტერესი ამოძრავებდა დიდი ბრიტანეთის ელჩს არჩევნების წინ, როცა ანტისახელისუფლებო ღონისძიება გამართა და არჩევნებთან დაკავშირებით ანტისახელისუფლებო განცხადებებით გამოვიდა? ინტერესი ერთადერთია. მათთვის სუვერენიტეტის დამცველი ხელისუფლება კომფორტული არ არის, ისეთი ხელისუფლება სჭირდებათ, რომელიც მათი ინტერესების გამტარებელი იქნება. სწორედ ეს არის „დიფ სთეითი“. ინტერესი აქედან გამომდინარეა და არა იქიდან, რომ საქართველო რაიმეს არღვევს ან კანონის, ან საერთაშორისო მიმართულებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.