ირაკლი ქადაგიშვილი - დღეს სასამართლო თავისი განვითარების მნიშვნელოვნად მაღალ ეტაპზეა, რომელსაც შემდგომი რეფორმირება და დახვეწა სჭირდება
ირაკლი ქადაგიშვილი - დღეს სასამართლო თავისი განვითარების მნიშვნელოვნად მაღალ ეტაპზეა, რომელსაც შემდგომი რეფორმირება და დახვეწა სჭირდება

სასამართლო რეფორმას ძალიან თანმიმდევრულად ვახორციელებთ. თუ 2012 წლამდე სასამართლო ყველაზე კარგ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრთან არსებული სსიპ და შპს იყო, დღეს სასამართლო თავისი განვითარების მნიშვნელოვნად მაღალ ეტაპზეა, რომელსაც შემდგომი რეფორმირება და დახვეწა სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, დღეს აღარ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სასამართლოზე.

„ყოველ შემთხვევაში, დღეს აღარ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სასამართლოზე, მაგრამ ის, რომ სასამართლოს, ისევე, როგორც სხვა ინსტიტუტებს, სჭირდება შემდგომი განვითარება, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ სასამართლო სისტემამ კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა და თავისი დამოუკიდებლობის კარგად რეალიზაცია მოახდინოს. ეს არის სასამართლო სისტემის შიდა ამოცანაც და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, შემდგომ ნაბიჯებსაც გადავდგამთ. გაცილებით თავისუფალია სასამართლო და სურათი თვისებრივად შეცვლილია. სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს რეალურად დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გზაზე მდგარია. ყველაზე ჰუმანურად მოიქცა იგივე მელაშვილთან და ილიჩოვასთან დაკავშირებით. რა ვქნათ ახლა, პოლიტიკური ინტერესის გამო ნებისმიერი ადამიანი რომ მიიბას ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, სასამართლო პროცესი ასეთი ადამიანის მიმართ არ უნდა წარიმართოს?“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.